იტალიურმა “რომამ” მიმდინარე ზაფხულში მესამე ფეხბურთელი დაიმატა. ამიერიდან “ჯალოროსის” ღირსებას იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ბრაიან კრისტანტე დაიცავს.
23 წლის ფეხბურთელმა რომაელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. ბერგამოს “ატალანტას” კი, სადაც კრისტანტე თამაშობდა, 30 მილიონი ევრო ერგო.
ბრაიან კრისტანტე “მილანის” აკადემიის აღზრდილია და “როსონერიში” დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. 2014-2016 წლებში ლისაბონის “ბენფიკაში” გამოდიოდა, ხოლო 2016-2017 წლებში ჯერ “პალერმოს”, მერე კი “პესკარას” ღირსებას იცავდა.
კრისტანტემ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა “ატალანტაში” მოახერხა 2016-2017 წლების სეზონის მეორე ნახევარში 12 თამაშში 3 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 47 თამაშში თავი 12-ჯერ გამოიჩინა.
ნიჭიერ ნახევარმცველს იტალიის ნაკრებში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა და დღემდე 5 თამაშის ჩატარება მოასწრო. კრისტანტე "რომას" მესამე ახალწვეულია ანტე ჩორიჩისა და ივან მარკანოს შემდეგ.