მსოფლიოს ჩემპიონატზე ვინ დაიცავს გერმანიის ნაკების კარს? – ეს კითხვა დღეს უკვე აქტუალური აღარაა, რადგან მანუელ ნოიერი გამოჯანმრთელდა და იოაჰიმ ლიოვს გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია.
ნოიერი, რომელსაც ფაქტობრივად წელიწადზე მეტი გაუცდა. მანუელმა ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში ფეხი მოიტეხა და ოპერაცია გაიკეთა. მოედანს აგვისტოში დაუბრუნდა, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში მეორედ გახდა საჭირო ქირურგიული ჩარევა.
საბოლოოდ, სეზონი ისე დასრულდა, რომ ნოიერი მინდორზე სექტემბრიდან მოყოლებული არ გამოჩენილა. თუმცა, 32 წლის კიპერი ოთხი დღის წინ, ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩში დაბრუნდა, 90 წუთი ითამაშა და როგორც ჩანს, ტრავმა აღარ აწუხებს.
მეორეს მხრივ, კატალონიის “ბარსელონაში” გამორჩეული სეზონი ჰქონდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენს და სწორედ ამიტომაც ჩნდებოდა კითხვა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. ერთ მხარეს უთამაშებელი ნოიერი და მეორე მხარეს კარგ ფორმაში მყოფი ტერ შტეგენი.
“ბარსელონას” კარის დარაჯი პატივისცემით ეკიდება ლიოვის გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედგაცრუებულია და ამას არც მალავს:
“ცხადია, ეს ჩემთვის გულდასაწყვეტი სიტუაციაა, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში კარგად ვთამაშობდი. თუმცა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გუნდმა იცის, რომ თუ საჭირო იქნება, 200%-ით დავიხარჯები და ყველაფერს გავაკეთებ. თუ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით, სხვებზე ნაკლებად ბედნიერი არ ვიქნები მხოლოდ იმიტომ, რომ სათადარიგო სკამზე ვიჯექი”, - განაცხადა ტერ შტეგენმა.
ლიოვის არჩევანი მოიწონა ჟერომ ბოატენგმაც, რომელსაც მიაჩნია, რომ ნოიერი სხვა სიმაღლეზეა:
“თუ კარში ნოიერი იქნება, ყველაფერი შეიცვლება. მანუელი მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ტერ შტეგენი კარგი მეკარეა და ძალიან გაიზარდა, მაგრამ ნოიერი სხვა დონეა, რომელიც უფრო მეტ უსაფრთხოებას გვაძლევს. არ მინდა, პარალელების გავლება, მაგრამ მანუელი, მანუელია!", - აღნიშნა ბოატენგმა.