ფეხბურთი

13:18 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: საშიში ეშმაკები
ბელგიის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 7 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E და F ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე G ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - ბელგიის ნაკრები.

მონაწილეობა – 13

ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცამეტედ გამოჩნდება. წინა 12 ასპრეზობიდან “წითელ ეშმაკებს” განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 1930, 1934, 1938 წლებში ბელგია ტურნირს პირველივე ეტაპიდან ეთიშებოდა, ხოლო 1954, 1970 წლებში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

ამის ფონზე, შედარებით წარმატებული გამოდგა ბელგიელთათვის მეექვსე მუნდიალი, რომელიც 1982 წელს შედგა. მაშინ ბელგიამ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, თუმცა მეორე ჯგუფურ ტურნირში პოლონეთთან და საბჭოთა კავშირთან ვერაფერს გახდა ბარგის ჩალაგება მოუწია.

მერვედფინალი გამოდგა მაქსიმუმი 1990 (ინგლისთან დამატებით დროში მარცხი 0:1), 1994 (გერმანიასთან 2:3) და 2002 (ბრაზილიასთან 0:2) წლებში, ხოლო 1998 წელს ისევ ჯგუფში ჩარჩა. 2006 და 2010 წლებში საერთოდ ვერ მოახერხა ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე უდაოდ წარმატებული იყო წინა მსოფლიოს ჩემპიონატი. ოთხი წლის წინ ბელგიამ მეოთხედფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხა (ჯგუფში ალჟირი 2:1, რუსეთი 1:0, სამხრეთ კორეა 1:0, ხოლო 1/8 ფინალში დამატებით დროში აშშ 2:1). მარკ ვილმოტსის გუნდი 1/4 ფინალში არგენტინასთან დამარცხდა (0:1) და ტურნირს გამოეთიშა.

საუკეთესო შედეგი – მეოთხე ადგილი (1986)

ერთადერთი მუნდიალი, რომლის ბელგიელთა აქტივში შეტანა შეიძლება 1986 წელს შედგა. მექსიკაში “წითელმა ეშმაკებმა” სენსაცია გამოაცხვეს და ნახევარფინალამდე მივიდნენ. ბელგიამ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით მას შემდეგ დაძლია, რაც მექსიკათან დამარცხდა (1:2), ერაყს სძლია (2:1), ხოლო პარაგვაის დაუზავდა (2:2).

მერვედფინალში ბელგიამ დრამატულ ბრძოლაში, დამატებით დროში საბჭოთა კავშირს აჯობა – 4:3. არანაკლები ბრძოლა გადახდა თავს მეოთხედფინალში, როდესაც ესპანეთს პენალტების სერიაში აჯობა (5:4). 1/2 ფინალში ბელგია საკუთარ თავს ვერ გადაახტა და მომავალ ჩემპიონ არგენტინასთან 0:2 წააგო. ბელგიელთა დრამატული გზა, დრამატულადვე დასრულდა: მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან დამატებით დორში წააგო – 2:4. აღნიშნულ ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრებში ენცო შიფო და იან კულემანსი ბრწყინავდნენ და დიდი როლი შეიტანეს და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებაში.

გზა რუსეთამდე

ბელგიის ნაკრებმა რუსეთამდე ძალიან ადვილი გზა განვლო. რობერტო მარტინესის გუნდმა შესარჩები ციკლი, სადაც მეტოქეობას საბერძნეთი, ბოსნია, ესტონეთი, კვიპროსი და გიბრალტარი უწევდნენ, ერთი ამოსუნთქვით განვლო.

10 თამაში, 9 მოგება, 1 ფრე, 28 ქულა და რაღა თქმა უნდა, პირველი ადგილი. ბელგიელებმა მეორეადგილოსან საბერძნეთს 9 ქულით აჯობეს. “წითელმა ეშმაკებმა” მთელ შესარჩევ ციკლში ერთადერთი თამაში ვერ მოიგეს (სტუმრად საბერძნეთთან).

რუსეთში გასავლელი გზა

18 ივნისი, 2018, სოჭი. ბელგია – პანამა

ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქმეში 18 ივნისს ჩაერთვება და მისი მეტოქე პანამა იქნება. მუნდიალის დებიუტანტი, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია.

23 ივნისი, 2018, მოსკოვი. ბელგია – ტუნისი

მეორე მატჩს ბელგიელები ტუნისის ნაკრებთან ჩაატარებენ. ისტორიას მათი სამი დაპირისპირება ახსოვს და სრული თანაფარდობაა: 1 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

1992 წლის 26 თებერვალს, ამხანაგურ შეხვედრაში ტუნისმა 2:1 დაამარცხა მეტოქე, ხოლო ბოლო შეხვედრა, ასევე ამხანაგური ხასიათის, 2014 წლის 7 ივნისითაა დათარიღებული. ბელგიამ დრის მერტენსის 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

შუალედში იყო ერთი ოფიციალური მატჩიც. 2002 წლის მუნდიალზე მათი გზები ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. 10 ივნისს, ოიტაში მარკ ვილმოტსმა მე-13 წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც რაუფ ბუზაინემ ოთხ წუთში უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

28 ივნისი, 2018, კალინგრადი. ინგლისი – ბელგია

ჯგუფური ეტაპი კი 28 ივნისს, ინგლისთან მატჩით დასრულდება, რომელსაც კარგად იცნობს და რომელთანაც ძალიან ცუდი ბალანსი გააჩნია: 21 თამაში, 2 მოგება, 4 ფრე, 15 წაგება. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ 1921 წელს, ამხანაგურ მატჩში შედგა და ინგლისმა 2:0 მოიგო. ბოლო დაპირისპირებაც სპარინგის ხასიათს ატარებდა – ეს 2012 წლის 2 ივნისს, როდესაც ისევ ინგლისელებმა იძალეს – 2:1.

საერთოდ, ბელგიელთა ორ გამარჯვებაზე უნდა ვთქვათ: 1932 წელს 3:2 ამხანაგურ თამაშში, ხოლო 1998 წელს მეფე ჰასანის თასზე (0:0) პენალტების სერიაში სძლია მეტოქეს. სხვა მხრივ, ინგლისი ბელგიასთან თავს მართლაც იწონებს.

წინა 21 მატჩიდან მხოლოდ 3 თამაში იყო ოფიციალური სახის. 1954 წლის მუნდიალზე მეტად უხვგოლინი შეხვედრა გამოვიდა – 17 ივნისს, ბაზელში გუნდებმა 4-4 გოლი გაუტანეს ერთმანეთს.

ასეთი შედეგიანი არა, მაგრამ ძალზე დრამატული თამაში შედგა 1990 წლის 26 ივნისს, ბოლონიაში. მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისმა 1:0 დაამარცხა ბელგია. გამარჯვების გოლი კი, დამატებითი დროის დასრულებამდე წუთით ადრე, 119-ე წუთზე დევიდ პლატმა გაიტანა.

კიდევ ერთი ოფიციალური თამაში კი ევროპის ჩემპიონატზე. კერძოდ, 1980 წლის 12 ივნისს, ტურინში გაიმართა და გამარჯვებული არ გამოვლენილა. რეი ვილკინსის 26-ე წუთზე გატანილი გოლი მალევე იან კულემანსმა გაქვითა.

კონტიგენტი

ბელგიის ნაკრების შემადგენლობა იმდენად დაბალანსებული და ვარსკვლავურია, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც კი მიიჩნევა. რობერტო მარტინესს მართლაც დიდი არჩევანი აქვს. იმდენად დიდი, რომ რაჯა ნაინგოლანი და კრისტიან ბენტეკე განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდნენ.

მეკარის პოზიციაზე ტიბო კურტუა და სიმონ მინოლე იბრძვიან, დაცვაშიც დიდი კონკურენციაა: ვინსენ კომპანი, ტომას ვერმაელენი. იან ვერტონგენი, ტომას მუნიე, ტობი ალდერვეირელდი. ნახევარდაცვაში აქსელ ვიტსელი, კევინ დე ბრუინი, ედენ აზარი, იური ტილემანსი, მუსა დემბელე მარუან ფელაინი და სხვანი ამაგრებენ.

შეტევაც სოლიდურია – რომელუ ლუკაკუ, დრის მერტენსი, მიჩი ბატშუაი. მოკლედ, “წითელი ეშმაკების” შემადგენლობა მართლაც საშიშია. ვნახოთ, რას მიაღწევს ეს გუნდი რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით. ვინაიდან, ბელგიისგან წინა მუნდიალზე და ევრო 2016-ზეც დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ შედეგი არ მოსულა.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

ბელგიის ნაკრების ვარსკვლავურ შემადგენლობაზე ახლახან ვისაუბრეთ და რთული იყო ერთი კონკრეტულის გამოყოფა. განსაკუთრებით, კევინ დე ბრუინსა და ედენ აზარს შორის. თუმცა, არჩევანი მაინც “ჩელსის” გამთამაშებელზე შევაჩერეთ.

ედენს ბელგიის ნაკრებში დებიუტი 2008 წლის 18 ნოემბერს, ლუქსემბურგთან ჰქონდა. მას შემდეგ 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 82 მატჩში 21 გოლის გატანა მოასწრო. აზარმა შესარჩევ ციკლში 8 თამაში ჩაატარა და 6-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

ითამაშა 4 წლის წინანდელ მუნდიალზე და ხუთივე შეხვედრაში იყო მოედანზე, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე კი, ასევე ხუთჯერ გავიდა მინდორზე და გოლი მერვედფინალში უნგრეთის ნაკრებს გაუტანა.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება – სახელი ფრანგულ “ლილში” თამაშით დაიგდო, საიდანაც 2012 წლის ზაფხულში ლონდონის “ჩელსიში” აღმოჩნდა. იქედან მოყოლებული ედენი “არისტოკრატთა” ლიდერია. გასულ სეზონში აზარმა ყველა ტურნირის ჩათვლით 51 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.

ედენ აზარი ის ფეხბურთელია, რომლისგანაც “აფეთქებას” ყოველთვის ელოდებიან. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბელგიელი მუნდიალზე წონადი სიტყვის თქმას...

მწვრთნელი

რობერტო მარტინესმა ბელგია 2016 წლის აგვისტოში წარუმატებელი ევროფორუმის შემდეგ ჩაიბარა. მასთან ერთად “წითელმა ეშმაკებმა” შესარჩევი ციკლი დიდებულად განვლეს, მაგრამ მთავარი გამოცდა ახლა ელოდებათ.

ბელგიის ნაკრებამდე 44 წლის ესპანელმა სამ გუნდში მოასწრო მუშაობა და ყველგან წარმატებით: 2007-2009 წლებში “სუონსის”, 2009-2013 წლებში “უიგან ატლეტიკს”, ხოლო 2013-2016 წლებში ლივერპულის “ევერტონის” მესაჭე გახლდათ. სამწვრთნელო კარიერაში ინგლისის ასოციაციის თასი აქვს მოგებული 2013 წელს “უიგანთან” ერთად.

საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა ფეხბურთელის სტატუსითაც: კარიერა “სარაგოსაში” დაიწყო, თუმცა სახელი “უიგანში” თამაშით გაითქვა, რომლის ღირსებას 1995-2001 წლებში იცავდა. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელია, კარიერის უმეტესი ნაწილი ბრიტანეთში აქვს გატარებული. “უიგანის” შემდეგ სხვა და სხვა პერიოდში შოტლანდიურ “მოზერველში”, “უილსოლში”, “სუონსიში” და “ჩესტერ სიტიში” გამოდიოდა, სადაც 207 წელს დაასრულა კიდეც კარიერა.

ბელგია – ტიტულები

არ აქვს.

0.121904