კალათბურთი

2:03 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას MVP და განადგურებული "ბარსელონა"

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას პლეი-ოფის ნახევარფინალში, “სასკი ბასკონიამ” “ბარსელონა” დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

ბასკური გუნდი უპირატესობა მთელი თამაში ეჭვს არ იწვევდა და ოდენ ბოლო მეოთხედი დათმო, ისიც ორი ქულით. საბოლოო ჯამში კი მატჩი სოლიდური სხვაობით, 86:61 მოიგო.

აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და საკმაოდ მწირი სათამაშო დროც დაეთმო – 17:04 წუთი. მიუხედავად ამისა, 13 ქულით შეხვედრის თანაბომბარდირი გახდა (ანალოგიური მაჩვენებელით დაასრულეს თამაში მისმა თანაგუნდელებმა, პატრისიო გარინომ და იანის ტიმამ).

გარდა ამისა, თორნიკემ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა საკუთარ გუნდს. ჩვენებურმა საკმაოდ კარგად ითამაშა შეტევაში: 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 ჰქონდა. ამაზე მაღალი მაჩვენებელი არავის ჰქონია, მხოლოდ იოჰანეს ვოიტმანმა დაასრულა შეხვედრა ანალოგური მაჩვენებლით. შეხვედრის MVP კი თორნიკე შენგელია გახდა.

ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა 6 ივნისს, ისევ “ბასკონიას” საშინაო დარბაზში გაიმართება.

0.156877