ლონდონის “ფულჰემი” ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. სლავისა იოკანოვიჩის გუნდმა ჩემპიონშიფის ფინალში ბირმინგემის “ასტონ ვილა” ტომ კერნის ერთადერთი გოლით დაამარცხა და ინგლისური ფეხბურთის ელიტას 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
“კოტეჯერებმა” უდიდესი მნიშვნელობის გოლი 23-ე წუთზე გაიტანეს. ამომავალმა ვარსკვლავმა, 18 წლის რაიან სესენიონმა დიდებული პასით “ვილა პარკელების” მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კერნიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა.
“ასტონ ვილა” ბევრს ეცადა “უემბლიზე” სიტუაციის შეცვლას, მაგრამ ვერ შეძლო. ჯონ ტერი და კომპანია დამდეგ სეზონს ისევ ჩემპიონშიფში გაატარებენ, ხოლო “ფულჰემი” უკვე პრემიერლიგის ბინადარია. აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის საგზური “ფულჰემამდე” “კარდიფ სიტიმ” და “ვულვერჰემპტონმა” მოიპოვეს.