“ბოსტონ სელტიკსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დაწინაურდა. “კლივლენდმა” საშინაო ორივე მატჩი მოიგო, მაგრამ ბოსტონში ისევ დამარცხდა და ამრიგად, “სელტიკსი” კვლავ წინ გაიჭრა – 3:2.
შეიძლება ითქვას, რომ სერიის მეხუთე შეხვედრაში ბრძოლა არ ყოფილა და მასპინძლებმა ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იზეიმეს გამარჯვება. “ბოსტონმა” განსაკუთრებით კარგად პირველი პერიოდი ჩაატარა, რომელიც 13-ქულიანი უპირატესობით მოიგო და დარჩენილ დროში მოპოვებული ფორა აღარც გაუფლანგავს.
გამარჯვებულთა შორის გამორჩეული იყო ჯეისონ ტატუმი, რომელიც 24 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით გამოირჩა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ალ ჰორფორდმა, რომლის აქტივში 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა, ხოლო ჯეილენ ბრაუნმა საკუთარ გუნდს 17 ქულა მოუტანა.
“კავალიერსის” რიგებში კვლავინდებურად ლებრონ ჯეიმსი იყო ცალსახად საუკეთესო 26 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით, მაგრამ მერამდენედ მოხდა, რომ მას თანაგუნდელები სათანადოდ ვერ ეხმარებიან. ერთადერთი კევინ ლავი გაისარჯა ნორმალურად – 14 ქულა, 7 მოხსნა.
სერიის მეექვსე შეხვედრა კლივლენდში 26 მაისს გაიმართება.
“ბოსტონ სელტიკსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 96:83 (32:19, 21:23, 23:18, 20:23) VIDEO