კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარ პიკე ტურინს ეწვია და ჟურნალისტობა შეითავსა. რუბრიკაში - "მოთამაშეების ტრიბუნა".
პიკეს რესპნდენტი ტურინის ვინ იქნებოდა თუ არა, ჯანლუიჯი ბუფონი? - იტალიელსა და ესპანელს შორის საკმაოდ საინტერესო საუბარი გაჩაღდა...
- ჯიჯი, მადლობა, რომ შემხვდი ტურის სპორტულ ცენტრში. მე ბევრს ვკითხულობ შენს შესახებ და ვიცი, რომ შენი მშობლები და დებიც სპორტსმენები იყვნენ...
- დიახ, დავიბადე სპორტსმენების ოჯახში. ყოველთვის ვიცოდი, რომ სპორტი ჩემი მომავალი იყო. დედა და მამა ეროვნული დონეზე იყვნენ სპორტსმენები, ხოლო ჩემი დები ფრენბურთს სერია A-ში თამაშობდნენ. ერთ-ერთმა ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგაც მოიგო ჩემგან განსხვავებით... მე ვიყავი ერთადერთი, რომელიც ოჯახში პროფესიონალი სპორტსმენი არ ვიყავი და მინდოდა, რომ ეს გამეკეთებინა. გამიმართლა, რომ ფეხბურთს გავყევი და მეკარე გავხდი.
- პირველი მოგონება ფეხბურთიდან?
- 4 წლის ვიყავი, როდესაც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიამ მოიგო.
- მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული!
- მეც ძალიან პატარა ვიყავი მუნდიალისთვის. მაგრამ, მახსოვს, რომ დიდები ტელევიზორში უყურებდნენ იტალიის მატჩებს გაოცებული თვალებით.
- პირველი მატჩი 17 წლის ასაკში “მილანთან” ჩაატარე და გოლი არ გაუშვი...
- დიახ.
- ეს ყველა მეკარის ოცნებაა?
- დიახ.
- როგორ დაიწყეთ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში “პარმაში” თამაში, რომელიც იმ პერიოდში იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო?
- 90-იანი წლების შუაში, დაახლოებით 10 წელი, “პარმა” ევროპაშიც საუკეთესოებში იყო. 10 წელში ორჯერ მოიგო უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი. ეს იყო უმაღლესი დონის გუნდი იმ პერიოდში. დებიუტი კი მნიშვნელოვან თამაშში მქონდა. ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვიყავით “მილანთან” ერთად თანაბარი ქულები გვქონდა. “როსონერის” საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა: ბაჯო, ვეა, სავიჩევიჩი, მალდინი... მხოლოდ 17 წლის ვიყავი და უნდა მეთამაშა. იმ დილას მწვრთნელმა მითხრა, რომ მოედანზე უნდა გავსულიყავი. შიში არ მქონია, პირიქით ბედნიერი ვიყავი და ვამაყობდი. მახსოვს, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი, ეს არის პირველი შანსი მსოფლიოს დავუმტკიცო, რომ კარგი მეკარე ვარ. მახსოვს, რომ სიხარულმა შიში სრულიად გადაფარა.
- 19 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში გქონდა დებიუტი...
- მეხუთე ან მეექვსედ ვიყავი ნაკრებში მიწვეული, მაგრამ თამაში არ მიწევდა, რადგან ჩვენ გვყავდა ისეთი მეკარეები, როგორებიც პერუცი და პალიუკა იყვნენ და ძირითადში თამაშს ჩემზე მეტად იმსახურებდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩს მოსკოვში ვატარებდით. 25-ე წუთზე პალიუკამ მუხლი დაიზიანა და შეცვლა მოითხოვა. თამაში ძალიან მსურდა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი, რადგან მთელი მოედანი თოვლით იყო დაფარული. ეს თამაში იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, წყდებოდა ვითამაშებდით თუ არა, მუნდიალზე. გახურება დავიწყე და ორ წუთში მოედანზე გავედი. კონცენტრირებული ვიყავი, შიშმა დამტოვა. ხუთი წუთის შემდეგ რუსეთს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მარცხენა ხელით შესანიშნავი ბურთი მოვიგერიე. ეს ეპიზოდი ძალიან დამეხმარა, რომ თამაშში კარგად ჩავრთულიყავი.
- ისტორიაში ხარ შესული, რადგან ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე იყავი. მხოლოდ სამი ადამიანია, ვინც ეს შეძლო. შენ, მათეუსი და... ჰო, მექსიკელი...
- კი, მექსიკელი მეკარე.
- როგორი გრძნობაა?
- კარგი, ვამაყობ.
- უკან დიდი შრომაა?
- ნიჭი საჭიროა, მაგრამ ძალისხმევაც აუცილებელია. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ხუთ მუნდიალზე ვიასპარეზე. შესანიშნავი იყო ორჯერ ევროპაში, თითოჯერ აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში თამაში.
- ასეთ დეტალზე მე არც ვიფიქრებდი...
- ყველა კონტინენტზე მაქვს ნათამაშები. განსაკუთრებული იქნებოდა მეექვსე მუნდიალზე თამაში, მაგრამ ხანდახან ყველაფერი არ გამოდის.
- იტალიამ 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. რა გახსოვს, რას გრძნობდი?
- ჩემპიონობის გარდა, გერმანიაში ფინალი იტალიელებისთვის განსაკუთრებული ფაქტი იყო. ბევრი იტალიელი ცხოვრობდა ის ერთი თვე გერმანიაში და მხარს გვიჭერდნენ. თავი მარტო არასდროს გვიგვრძნია. ორი საოცარი მოგონება მაქვს. ჩემპიონობა და გერმანიასთან ნახევარფინალი.
- 2:0...
- 2:0. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნერვული მომენტი. როდესაც ამაზე ვფიქრობ, ცუდად ვხდები. გერმანიასთან თამაში საშინლად რთული იყო. მერე, დამატებით დროში 2:0 მოვიგეთ. როდესაც, სასტუმროში დავბრუნდით, დილის 5 საათზე, 10 ათასი იტალიელი გველოდებოდა.
- დაუჯერებელია...
- განსაკუთრებული ის იყო, რომ ამ გამარჯვების შემდეგ მშვიდად ვიყავით. თითქოს მსოფლიოს ჩემპიონები უკვე ვიყავით. ეს სიგიჟე იყო.
- ადვილი არაა გახვიდე ფინალში და აღნიშნავდე, თითქოს უკვე ჩემპიონი ხარ, ეს ძალიან ცუდია!
- ეს მართლაც გიჟური მომენტი იყო. 12 წლის შემდეგ ვიხსენებ საფრანგეთის ნაკრებს და ვხედავ რამდენად ძლიერი გუნდი იყო. ჩვენ კი უკვე ჩემპიონებად ვთვლიდით თავს, მაგრამ უნდა გვეთამაშა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ბეწვის ხიდზე ვიყავით. გასაკვირია, მაგრამ ფრანგებთან ფინალი ჩემთვის ნაკლებად სტრესული გახლდათ. გერმანიასთან მატჩამდე 6 თუ 7 საათი მეძინა, თუმცა საფრანგეთთან თამაშის წინ მხოლოდ 2 საათი. ადვილი არ ყოფილა. ჩემპიონობის სიხარული გაცილებით ძლიერი იყო რამდენიმე დღის შმედეგ, ვიდრე იმ მომენტში, როდესაც თამაში დასრულდა.
- შემდეგ იყო წარუმატებელი გამოსვლა სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში. ახლა კი, მუნდიალზე ვერგასვლაც დაემატა. ფიქრობ, რომ იტალიურ ფეხბურთში დიდი ცვლილებებია საჭირო, რომ დიდება დაიბრუნოს?
- ვფიქრობ რაღაც არასწორად კეთდება, მაგრამ არ შემიძლია დაჯერება, რომ იტალიაში აღარ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორც ადრე. როდესაც ნაკრებში დებიუტი მქონდა, ჩვენ გვყავდა ბაჯო, დელ პიერო, ტოტი, ინძაგი, მონტელა, ვიერი – ყველა დიდი ფეხბურთელი და უდიდესი ტალანტი. ბოლო 10 წელში იტალიას კარგი გუნდი ჰყავდა, ჩვენ არ გვაქვს მწირი რესურსი, მაგრამ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების გარეშე, რაც ადრე გვყავდა, შედეგის ჩვენება რთულია. ამ ათი წლის განმავლობაში არ გვქონია გამარჯვებები, მაგრამ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, ორი წლის წინაც კარგი ტურნირი ჩავატარეთ. ჩვენი სიამაყე გვეხმარებოდა.
- ფიქრობ, რომ სერია A პრემიერლიგისა და ლა ლიგის დონის ჩემპიონატი არაა? და, რომ “იუვენტუსი” ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია?
- შესაძლოა. შეიძლება ეს იყოს სიმართლე. ჩვენი პრობლემა ჩემპიონატი არაა, მაგრამ ინდივიდუალურობა გვაკლია, განსაკუთრებით ფეხბურთელებში.
- ნიჭის ნაკლებობაა?
- დიახ. სერია A შესაძლოა, ახლა დაბალ დონეზე იყოს, მაგრამ ნაკრების პრობლემა ეს არაა. თუ ნიჭიერ მოთამაშეები იქნებიან, წავლენ პსჟ-ში ან “რეალ მადრიდში” და ნაკრები მაინც მაღალ დონეზე დარჩება. მაგრამ, დღეს ვერატის გამოკლებით, არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტოპ გუნდებში თამაშობენ თუ საქმე “იუვენტუსს” არ ეხება. ეს დიდი პრობლემაა.
- “იუვენტუსზე” ვისაუბროთ. სერია B-ში დააქვეითეს, შენ გუნდში დარჩი. ეს იყო სიყვარულის დემონსტრაცია, მაგრამ ამასთან დიდი რისკიც. შეგეძლო აგერჩია გუნდი, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგას მოიგებდი, მაგრამ გადაწყვიტე ქვედა ლიგაში თამაში. როგორი იყო იქ თამაში და იყო თუ არა სწორი გადაწყვეტილება?
- როდესაც “იუვენტუსში” დარჩენა გადავწყვიტე, ბედნიერი ვიყავი, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთს კაცები თამაშობენ. გულშემატკივრების სიყვარული იმაზე მეტია, ვიდრე პოპულარობა და ფული. ჩვენ მოვიგეთ სერია B და შემდეგ ორი კარგი სეზონი გვქონდა სერია A-ში. დავიკავეთ მეორე და მესამე ადგილი. მერე იყო ორი ძალიან ცუდი წელი, როდესაც “იუვენტუსს” ვერ იცნობდით. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სული, ვინაობა, ეთიკა. მეშვიდე ადგილს ვიკავებდით ზედიზედ ორი სეზონი, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შრომით ყველაფერი გამოსწორდებოდა. ყოველთვის ვამბობ, რომ ექვსი წლის შემდეგ, როდესაც ჩემპიონები გავხდით ძალიან ბენდიერი ვიყავი. ეს იყო რთული გადაწყვეტილება, რადგან 6 წელი მართლაც ცუდი გამოდგა, ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცოტას ვთამაშობდით. თუმცა ძალისხმევით, ჩვენ დავბრუნდით.
- გიფიქრია ამ 6 წელიწადში გუნდის დატოვებაზე? 23-წლიან კარიერაში მხოლოდ ორ გუნდში ითამაშე და ორივე იტალიურში. უცხოეთში თამაში არ გსურდა?
- მომწონს, როდესაც სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ეს მიმზიდველია, მაგრამ მე სიღრმისეულად იტალიელი ვარ. როგორც სპორტულ ფიგურას, არასდროს მქონია სურვილი, რომ იტალია დამეტოვებინა.
- 23 წელია პროფესიონალი ხარ. ფეხბურთი შეიცვალა, ისევე, როგორც მეკარეების თამაში. ახლა ფეხით თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შენ არ გჭირდება...
- ჩემთვის კარგი ცვლილება იყო, რადგან ფეხბურთი ამით გაუმჯობესდა. უფრო საინტერესოა და უფრო ნაკლები დრო იკარგება. ვფიქრობ, მეც დამეხმარა ეს.
- რამდენიმე თვის წინ თქვი, რომ ეს იქნებოდა ბოლო სეზონი. მაგრამ მე ვესაუბრე კიელინის და მან მითხრა, რომ ბუფონი კარიერას ჯერ არ დაასრულებს. არის სიახლე? ვნახავ ბუფონს მოედანზე კიდევ ორი წლის განმავლობაში?
- სიახლე არაფერია. ვფიქრობ, ჩემს ასაკში სიტუაცია კარგად უნდა შეაფასო თვიდან თვემდე, კვირიდან კვირამდე. რადგან სპორტსმენები, როგორიც შენ ხარ, მე ვარ, ყოველთვის ფიქრობენ, რომ მაღალ დონეზე დარჩნენ. ფიზიკურად კარგად უნდა გრნობდე თავს და საკუთარი სიამაყე არ დაკარგო. მე ბუფონი ვარ და მინდა ბოლომდე ბუფონი ვიყო. როცა, მე ბუფონი აღარ ვიქნები, ფეხბურთიდან წავალ. ძალიან ბედნიერი ვარ, მიყვარს ფეხბურთის თამაში, ეს ატმოსფერო და ის მეგობრები, რომლებსაც მოედანზე ვეხმარები. როცა ამას ვერ შევძლებ, პრობლემა არაა, წავალ. მე მქონდა შესანიშნავი კარიერა.
- დარჩები ფეხბურთში? რა არის, შენთვის მისაღები პოზიცია?
- მინდა მენეჯერი გავხდე ან მწვრთნელი, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.
- ვინ იქნებოდი, რომ არა ფეხბურთელი?
- დარწმუნებული ვარ, გაცილებით ცუდი ადამიანი. ალბათ, მასწავლებელი, როგორც ჩემი მშობლები და ამ მიმართულებით მივდიოდი კიდეც. მაგრამ, ფეხბურთმა გამხადა უკეთესი ადამიანი. ყოველთვის მომწონდა გუნდური მუშაობა. შესანიშნავია, როდესაც სხვებთან ერთად იზიარებ გამარჯვებას, ასევე დამარცხებას. ნაკლებად ეგოისტური ხდები. ფეხბურთმა მომიტანა დიდი პოპულარობა, რომელსაც პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს. ნეგატიურია, როდესაც შეცდომას დაუშვებ და მეორე დღეს, ჟურნალებში, ტელეეკრანებზე შენზე საუბრობენ. მერე ფიქრობ, ეს არ დამიმსახურებია.
- სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. იცი, რომ როდესაც 21 წლის ვიყავი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის გავაკეთე არჩევანი. შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეთამაშა...
- ნამდვილად?
- კი, ნამდვილად. მადლობა ჯიჯი.
- მადლობა შენ!