ძიუდო

21:30 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უიმედო რეალობა - ძიუდოს ოჯახი ენგრევა (+VIDEO)

ქართულ ძიუდოში სასიხარულო არაფერია. ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ. თავად პრეზიდენტი კი სპორტსმენების მიერ წაყენებულ მძიმე-მძიმე ბრალდებებს (ფინანსური დარღვევები, ნეპოტიზმი, ერთპიროვნული მმართველობა) აბსურდულს უწოდებს.

ძიუდოისტების მტკიცებით, პრეზიდენტი მათთან პირადად შეხვედრას და მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემას გაურბის. პრეზიდენტი იძახის, რომ ნებისმიერ დროს მზადაა, მათ შეკითხვებს უპასუხოს.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შექმნილი სიტუაცია მართულია და სპორტსმენებს ვიღაც უმაგრებს ზურგს. ძიუდოისტები ქევხიშვილის გავლენიან მფარველზე ალაპარაკდნენ.

ქართული ძიუდოს გულშემატკივრების იმედგაცრუება კი დღითიდღე იზრდება. ტიტულოვანი ძიუდოისტები უკვე კვირაზე მეტია, პროტესტის ნიშნად დარბაზში არ შესულან. ფედერაციის აღმასკომის სხდომამ და რიგგარეშე ყრილობამ სასიკეთო ვერაფერი მოიტანა. სიტუაცია ისევ ჩიხშია. იმედად სპორტის მაღალჩინოსნების სასწრაფო ჩარევა და რაც მთავარია, სწორი პოზიციის დაფიქსირებაა, მაგრამ... ამ შემთხვევაშიც საიმედო ჯერ არაფერია.

"ნუ გავწირავთ ამ ლამაზ სახეობას. ყველამ ძიუდოზე იფიქრეთ, საქართველოზე იფიქრეთ და სხვაზე არაფერზე, გთხოვთ” – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა სასტუმრო "ბილტმორში” მიმდინარე ყრილობის პარალელურად. ძიუდოისტებს სხდომის დარბაზში ჯერ საერთოდ არ უშვებდნენ, შემდეგ მხოლოდ ნაწილს დართეს ნება, მაგრამ ათიოდ წუთში უკვე ყველა გარეთ იყო.

"ჩვენ ყრილობაზე არავის მივუწვევივართ. სპეციალურად დახურეს სხდომა, რათა ჟურნალისტებისა და სპორტსმენების იქ ყოფნის გამო დისკომფორტი არ შექმნოდათ. ქევხიშვილს ჩვენს შეკითხვებზე პასუხები არ აქვს და ცდილობს სხვა გზებით დაიძვრინოს თავი, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს და ვინც არ უნდა ჰყავდეს მფარველად, მაინც ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ” – გვითხრეს ყრილობიდან გამოსულმა გაბრაზებულმა სპორტსმენებმა.

სრულიად მშვიდი რეაქცია ჰქონდა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ყრილობიდან ასევე დასრულებამდე გამოვიდა. ძიუდოისტებისგან განსხვავებით, მას არც ყრილობაზე შესვლაზე შექმნია პრობლემა, რადგან მიწვეული იყო და არც უპასუხოდ დარჩენილი შეკითხვების პრობლემა შეუნიშნავს. ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს და ეს აზრი დღესაც დააფიქსირა. ყაველაშვილის განცხადებით, მან მოისმინა შეკითხვებიც და დავით ქევხიშვილის პასუხებიც.

თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთა კომენტარი. ქევხიშვილის სიტყვებით, ყრილობამ ვერ დაინახა დარღვევები, მაგრამ... თუ სპორტსმენები დაამტკიცებენ, რომ მისი მუშაობის პროცესში იყო მათთვის ხელისშემშლელი მომენტები, მზადაა გადადგეს. თუმცა ფედერაციის პრეზიდენტისვე განცხადებით, ამის რეალური საფუძველი არ არსებობს და არსებულ სიტუაციაში მისი გადადგომით ზოგადად ფედერაციის პრეზიდენტის ინსტიტუტს შეექმნება საფრთხე.

"კეთილი ინებონ, დასხდნენ მაგიდასთან და განვსაზღვროთ, ვინაა მტყუანი და ვინ მართალი” – აღნიშნა ქევხიშვილმა.

საღამოს ძიუდოისტებმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთეს. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებმა უკვე დეტალურად ისაუბრეს იმ კონკრეტულ ბრალდებებზე, რომლებიც აქამდე ეგრეთ წოდებული "ძიუდოს ოჯახის” შიდა სამზარეულო იყო და ჟურნალისტებისთვის ამის თქმა აქამდე არავის სურდა. სპორტსმენებმა ფინანსური დარღვევების ბრალდებები სულ ცალ-ცალად გამოამზეურეს.

ძნელი სათქმელია, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ან როდის დაიხევს უკან რომელიმე მხარე. ალბათ მორიგი სიტყვა სპორტის მაღალჩინოსნებისგან უნდა მოვისმინოთ. სპორტისა და კულტურის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, ჩამოყალიბდა კომისია, რომელშიც შედიან სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები. კომისიამ უკვე გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციისგან, ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით. სიტუაციას უკვე სწავლობს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდის.

ამასობაში, სოციალურ ქსელში ლამის ყოველ საათში ვრცელდება ახალ-ახალი განცხადება. ქართველ სპორტსმენებს მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიო ძიუდოს ვარსკვლავები. უცხოელები ვიდეო-განცხადებების პარალელურად მოახლოებული საერთაშორისო ტურნირებისთვის და სეზონის მთავარი შეჯიბრებისთვის – მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც ემზადებიან. საქართველოში კი ჯერ ტატამსმიღმა ომია გაჩაღებული და სასიკეთო არაფერი ჩანს.

0.139295