საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ნაკრების ყოფილ მწვრთნელ მინდია ბოდაველთან ერთად იაპონიაში გაემგზავრნენ სავარჯიშოდ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები იაპონურ შეკრებას მაისის ბოლომდე გაივლიან. 1 ივნისს კი სამხრეთ კორეაში გადაინაცვლებენ და 9-მდე იქ მოემზადებიან.
საქართველოს ნაკრების წევრ ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, შავდათუაშვილი და მარგველაშვილი აბსოლუტურად იზიარებენ ნაკრების სხვა წევრების პოზიციას და ერთობლივ მოთხოვნას ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. უბრალოდ პროტესტის ფორმებშია განსხვავება.
"მათ ვარჯიშის შეწყვეტისგან თავი შეიკავეს, რაც სპორტული თვალსაზრისით გასაგებია. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და სურთ შეჯიბრებას კარგად მომზადებულები შეხვდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტს უცხადებენ მხარდაჭერას” – აღნიშნა ჭრიკიშვილი.
თავად შავდათუაშვილი და მარგველაშვილი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.