6 მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 200-მდე ადგილას Wings for Life World Run-ი გაიმართა. მსოფლიო რბენა - ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში ნახსენებ დღეს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეხუთედ გაიმართა.
Wings for Life World Run ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტს რბენის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ აიღებს და თითოელი მონაწილის გავლილ მანძილს დააფიქსირებს. რბენა სრულდება მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მონაწილეს დაეწევა.
6 მაისს, კახეთში, მსოფლიო რბენაში მონაწილეობა მიიღო 7000 ადამიანმა, რომელთა შორის იყვნენ პროფესიონალი და მოყვარული მორბენლები, ეტლით მოსარგებლე ადამიანები, რომელთაც 18 წელი ჰქონდათ შესრულებული. რეგისტრაციის ღირებულება 30 ლარი იყო და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
ახლა კი უშუალოდ გუშინდელ რბენაზე: როგორც აღვნიშნეთ, 7000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საქართველოში გამართული შეჯიბრებისთვის რეკორდია.
ვაჟებს შორის გამარჯვებული გახდა ალექსანდრე ჩებურკინი, რომელმაც 74,728 კილომეტრი ირბინა, რაც მსოფლიოში მესამე საუკეთესო შედეგია, ქალთა შორის საუკეთესო ნინა ზარინა იყო, რომელსაც ფინიშის მანქანა სტარტიდან 47,45 კმ-ში დაეწია. ეს ქალებში ყველაზე გრძელი დისტანციაა 5 წლის განმავლობაში. ეტლით მინაწილეთა შორის ვაჟებში ყველაზე მეტი მანძილი მერაბ დუკაშვილმა დაფარა - 7,05 კმ, ხოლო ქალებში საუკეთესო ირმა ზვერიაშვილი გახლდათ - 8,55 კმ.
გლობალურ რბენაზე გეტყვით, რომ საუკეთესო შედეგი ფლორიდაში დაფიქსირდა, სადაც არონ ანდერსონმა 89.85 კმ გაირბინა, მეორე ადგილზე მიუნხენში ანდრეას შტრაბნერი გავიდა (76.77 კმ), ხოლო მესამეზე კახეთის გამარჯვებული ალექსანდრე ჩებურკინი (74.728).