საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რუსეთის ქალაქ კასპიისკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) კი ნახევარფინალში დამარცხდნენ და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთნენ.
ლომთაძე საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება. პეტრიაშვილს კი კარგად ნაცნობი მეტოქე ეყოლება – თურქი ტაჰა აკგული. ოთხივე ჩამოთვლილი წონის გადამწყვეტი ბრძოლები ხვალ შედგება. იქამდე კი, დღეს, საქართველოს ნაკრების სამი წევრი იჭიდავებს ბრინჯაოს მედლებისთვის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ). ხინჩეგაშვილი პოლონელ კრისტო ბიენკოვსკის შეხვდება, იაკობიშვილი - უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის, ხოლო ოდიკაძე - უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძეს.
დღევანდელი დღის ფინალური ბლოკის შეხვედრებს 19:00 საათიდან "სილქ უნივერსალი” გადასცემს პირდაპირ ეთერში.