ძიუდო

18:45 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა პრეზიდენტს შეხვედრა დაუთქვეს, პრეზიდენტმა ყრილობა დაანონსა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა დღეს გააკეთა, სპორტსმენების მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ. ყრილობა 10 მაისს, სასტუმრო "რედისონში” შედგება და დიდი ალბათობით, მასზე ორივე დაპირისპირებული მხარე შეეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას.

დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და ძიუდოს გულშემატკივრები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კი ძიუდოისტების სამოქმედო გეგმის მორიგი ნაბიჯი დააანონსა:

"ორშაბათს, დღის 12:00 საათზე ძიუდოს აკადემიაში მისვლას ვგეგმავთ, ფედერაციის პრეზიდენტთან შესახვედრად. ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა იყოს ღია და მას უნდა დაესწრონ ჟურნალისტები და გულშემატკივრები, რათა ყველამ გაიგოს ჩვენი სიმართლე. ვთხოვ დავით ქევხიშვილს, თავი არ აარიდოს ჩვენთან შეხვედრას და ყველა შეკითხვაზე გაგვცეს ამომწურავი პასუხი”.

ნაკრების წევრთა მოთხოვნას ქევხიშვილის მომხრე მწვრთნელების განცხადება მოჰყვა, რომელიც მათ მიერ ძიუდოს აკადემიაში გააკეთეს. მათი აზრით, კონფლიქტური სიტუაცია შიდა სამზარეულოშივე უნდა მოგვარდეს და იმ პროექტებს, რომლებიც დავით ქევხიშვილის პრეზიდენტობის დროს განხორციელდა, ხაზი არ უნდა გადაესვას.

0.11441