სტამბოლის “ბეშიქთაში” თურქეთის თასის გათამაშებიდან მოიხსნა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, “ფენერბახჩესთან” ნახევარფინალურ შეხვედრაში “არწივებს” ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალათ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ფინალში “ფენერი” ითამაშებს.
გარდა ამისა, “ბეშიქთაში” თურქეთის თასის 2018-2019 წლის გათამაშებიდან მოიხსნა და მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სასჯელი კი, შენოლ გიუნეშის გუნდის უარმა გამოიწვია, რომელიც “ფენერბახჩესთან” საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობას არ დასთანხმდა. “არწივები” “ფენერისთვის” ტექნიკური წაგების ჩათვლას მოითხოვნდნენ, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.
“ფენერბახჩისა” და “ბეშიქთაშის” მეორე ნახევარფინალური მატჩი (პირველი თამაში: 2:2) 57-ე წუთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც მასპინძელთა ქომაგებმა ტრიბუნებზე სხვადასხვა ნივთები გადაყარეს და შენოლ გიუნეში დაშავდა. სწორედ ამის გამო მოითხოვდა “ბეშიქთაში” მეტოქისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლას და შეხვედრის თავიდან გამართვას არ დასთანხმდა.