კალათბურთი

11:25 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას პირველი მატჩი პლეი-ოფში და დიდებული ენტონი დევისი (+VIDEO)

დღეს გამთენიისას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებული ინტერესი ნიუ ოლეანისკენ იყო მიპყრობილი, სადაც “პელიკანსი” “გოლდენ სტეიტ უორიორზს” მასპინძლობდა.

სანამ უშუალოდ მატჩზე ვიტყოდეთ, მანამდე აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონის პლეი-ოფში სტივ კერიმ როგორც იქნა და იკადრა, ზაზა ფაჩულიას სათამაშო დრო დაუთმო. რომელიც არ ყოფილა ბევრი – 04:59 წუთი. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ანალოგიურად გაისარჯა საჯარიმოს ხაზიდანაც, ხოლო სამჯერ ბურთი შეტევაში მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო “უორიორზის” მერვე მატჩი პლეი-ოფში და ქართველს პირველად მიეცა სათამაშო დრო. თანაც, მაშინ, როდესაც შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი გახლდათ...

რაც შეეხება შედეგს – “პელიკანსმა” ენტონი დევისის გადასარევი გარჯის ფონზე გაიმარჯვა და სხვაობა სერიაში სხვაობა შეამცირა – 119:100. დევისმა 41 წუთში 33 ქულა, 18 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მოუტანა გუნდს. ჯრუ ჰოლიდეის აქტივში 21 ქულა7 მოხსნა და 5 პასი გახლდათ. საინტერესო ორმაგი დუბლი გაიფორმა რეჯონ რონდომ, რომელმაც მხოლოდ 4 ქულა მოუტანა გუნდს, მაგრამი ამის ფონზე 10 მოხსნა და 21(!) პასი მიითვალა... “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში კლეი ტომპსონი იყო საუკეთესო 26 ქულითა და 7 მოხსნით, კევინ დურანტმა 22 ქულას 3-3 პასი და მოხსნა დაუმატა, ხოლო სტეფ კარიმ 19 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. სერიას “უორიორზი” იგებს – 2:1. მომდევნო შეხვედრა კი, 6 მაისს, ისევ ნიუ ორლეანში გაიმართება.

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორზი” 119:100 (30:21, 32:35, 30:19, 27:25)

“ჰიუსტონ როკეტსმა” საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც “ჯაზი” იუტაში დაამარცხა – 113:92. ჯეიმს ჰარდენმა და კომპანიამ პირველი ტაიმი ერთობ მაღალ დონეზე ჩაატარეს და ზედმეტი პრობლემების გარეშე მოახერხეს სერიაში ხელმეორედ დაწინაურება. სწორედ ჰარდენი იყო საუკეთესო. “ბაბუაწვერამ” 25 ქულას 12 პასი და 4 მოხსნა დაამატა. ჯეიმსს მხარი ჩინებულად აუბა ერიკ გორდონმა, რომელმაც ასევე 25 ქულა ჩააგდო. “იუტა ჯაზის” რიგებში კი, როის ო’ნილი იყო საუკეთესო – 17 ქულა, 5 მოხსნა. “როკეტსი” სერიას 2:1 იგებს, ხოლო მეოთხე შეხვედრა 7 მაისს, იუტაში ჩატარდება.

“იუტა ჯაზი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 92:113 (22:39, 18:31, 25:23, 27:20)

0.185907