ძიუდო

19:55 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი თანამდებობაზე რჩება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა უმრავლესობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებს და დარბაზში შესვლასა და ტურნირებზე ჭიდაობას არ აპირებს, ვიდრე დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს. ფედერაციის აღმასკომის წევრები სპორტსმენებისგან განსხვავებით, მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ და სიტუაციაში გარკვევას გეგმავენ. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის საკითხი კი უკვე საბოლოოდ გაირკვა - ირაკლი ცირეკიძის გუნდის ევროჩავარდნა აღმასკომმაც მკაცრად შეაფასა და მათ გადაყენებას მხარი დაუჭირა.

სპორტსმენების განცხადებას ერთ საათში აღმასკომის სხდომა მოჰყვა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ძიუდოს აკადემიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჟურნალისტებს მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ გვითხრეს, რომ სასტუმრო "გოლდენ პალასში” უნდა გადაგვენაცვლა. სხდომა დახურულ კარს მიღმა, სამი საათი გაგრძელდა. შემდეგ კი...

აღმასკომის წევრთაგან კომენტარი მხოლოდ შოთა ხაბარელმა გააკეთა:

- უნდა გადადგეს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტი?

- ვფიქრობ, ამაზე ფიქრია საჭირო. უნდა შევისწავლოთ სიტუაცია. შევხვდეთ ძიუდოისტებს, მოვისმინოთ მათი არგუმენტები. ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნა. გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს.

დავით ქევხიშვილი: "ამ ეტაპზე გადადგომაზე საერთოდ არ ვფიქრობ”

- თანამდებობას გამოკიდებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების გამო ასეთი ნაბიჯის გადადგმა წარმოუდგენელია. ჩემი მხრიდან მათთან მიმართებაში პატარა პრობლემაც კი არასოდეს შექმნილა.

- თქვენს მიმართ ერთი ბრალდება ისაა, რომ სამეგობრო დაასაქმეთ სამწვრთნელო შტაბში...

- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. მას ეხმარებოდნენ გია გუგავა და გიორგი ბაინდურაშვილი, რომლებიც უკვე 5 წელია ნაკრებში არიან და გურამ მოდებაძე, რომელზეც ფაქტობრივად დგას თანამედროვე ქართული ძიუდო. მაინტერესებს, სად ხედავთ ნეპოტიზმს.

- თქვენ განაცხადეთ რომ მწვრთნელებს ესაუბრეთ და ამის შემდეგ გადადგნენ. გიორგი ბაინდურაშვილმა კი ეს უარყო. მან განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ შემთხვევით გაიგო.

- მე ვნიშნავ და ვათავისუფლებ მთავარ მწვრთნელს. ხოლო მთავარი მწვრთნელი ნიშნავს და ათავისუფლებს თავის თანაშემწეებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას კატეგორიულად აღარ ვაპირებთ. ხვალ ნაკრების ორი წევრი ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში მიემგზავრებიან შეკრებაზე და როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი, მათ მწვრთნელად მინდია ბოდაველი გაჰყვებათ. ასევე ევროპის ჩემპიონატამდე იყო დაგეგმილი სამხრეთ კორეის შეკრებაც და მასზე გურამ მოდებაძე ჩაიყვანს სპორტსმენებს. ასე რომ, მოსამზადებელი პროცესი წინასწარვე დაგეგმილია და შესაბამისად, გვაქვს დრო, რათა ვიფიქროთ, როგორ გადავწყვიტოთ ნაკრების მწვრთნელის საკითხი.

- თუმცა ძიუდოისტთა ნაწილი აცხადებს რომ არ აპირებენ ვარჯიშს, სანამ თქვენ არ გადადგებით.

- ეს ძალიან სათუთი თემაა და ვწუხვარ, რომ საკითხები, რომლებზეც შიგნით - ძიუდოს ოჯახში უნდა ვიმსჯელოთ, საჯაროდ გამოაქვთ. უფრო სამწუხარო კი ისაა, რომ რეალურად უკმაყოფილების საფუძველი არ აქვთ. თუ რამე არ მოსწონდათ, პირველ ყოვლისა ჩემთვის უნდა ეთქვათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ერთი საკითხი არ შეეფერება სიმართლეს, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებენ.

- აპირებთ თუ არა თანამდებობის დატოვებას?

- ამ ეტაპზე გადადგომაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ერთადერთი სურვილი მაქვს, საზოგადოებას დავანახო სიმართლე.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ პროცესი მართულია?

- ბუნებრივია. ისე არაფერი ხდება. არ მაინტერესებს, ვის ინტერესებში შედის. ასე რომ დავაკონკრეტო, მაშინ იმ ადამიანებს უნდა დავემსგავსო, რომლებიც შიდა სამზარეულოს ამბებს სააშკარაოზე გამოფენენ.

- როგორ დაკომპლექტდება ნაკრები სამწვრთნელო შტაბის და მით უმეტეს, ნაკრების გამოცდილი წევრების გარეშე?

- ვფიქრობ, კიდევ არსებობს დიალოგის გზა. სამწვრთნელო შტაბს რაც შეეხება, ამაზე ფედერაციის აღმასკომთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვიმსჯელებთ და ერთი თვის ვადაში მივიღებთ საუკეთესო გადაწყვეტილებას. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ.

P.S. ქართულ ძიუდოში თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, მორიგი ხმაურიანი შიდა დაპირისპირება დაიწყო. გამოსავალი ჯერ ჯერობით არ ჩანს. წინ სავარაუდოდ კიდევ არაერთი კრიტიკული განცხადება და საქმიანი შეხვედრა გველის. 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებამდე – მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი ოთხნახევარი თვე რჩება.

0.115694