ძიუდო

16:26 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

განხეთქილება ქართულ ძიუდოში: "არ ვივარჯიშებთ, სანამ ქევხიშვილი არ გადადგება"

განხეთქილება ქართულ ძიუდოში – ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის საჯაროდ დაუპირისპირდნენ. ნაკრების ლიდერმა ვარლმა ლიპარტელიანმა განცხადება, რომელიც ქევხიშვილის გადადგომას შეეხება, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააჟღერა.

“საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ისე სწორი მწვრთნელების შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად არ ვისაუბრებთ. ნაკრების გადაწყვეტილებით ფედერაციაში არსებული, ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, არ მივიღებთ მონაწილეობას არცერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება პოსტიდან. იგი იკავეს სამ სხვადასხვა თანამდებობას და მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მისი მმართველობის პერიოდში ძიუდოს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ხელმძღვანელობის 6 წლიანი პერიოდით. შედეგები აქამდე მხოლოდ ჩვენი, სპორტსმენების ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის დამსახურებით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და უდიდესი სიამაყეა, ქართული დროშის დაცვა შეჯიბრებებზე. თუმცა, უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება. ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრებაზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისკენ. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა, რაც აქამდე ქართული ძიუდოს ისტორიაში არ მომხდარა.

0.117346