ფეხბურთი

2:18 | 4.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა, იგუაინი და იკარდი - სამპაოლის არჩევანი

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი იტალიაში იმყოფება და ფეხბურთელებს პირადად ხვდება. აპენინური მედიის ცნობით, სამპაოლი გუშინ ტურინში იმყოფებოდა, სადაც გონსალო იგუაინსა და პაულო დიბალას ესაუბრა, ხოლო დღეს უკვე მილანში – მაურო იკარდის.

მოცემულობა ასეთია: ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელები 23-კაციან სიაში მოხვდებიან და შესაბამისად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ. რაც შეეხება იკარდის, ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული.

“ინტერის” კაპიტანი “ალბისელესტეს” რიგებში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო ტრავმის მოშუშებას ვერ მოასწრებს.

იკარდიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 33 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, დიბალამ 42 მატჩში 25 გოლი შეაგდო, ხოლო იგუაინმა 46 თამაშში 23-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

შეგახსენებთ, აქამდე დიბალასა და იკარდის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს სამპაოლი მათ სანაკრებო სიაში არ განიხილავდა. ყველაფერს ნათელი ახლო მომავალში მოეფინება, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე კი 42 დღე დარჩა.

0.126357