NBA-ში მიმდინარე პლეი-ოფის სტადიაზე დღეს გამთენიისას ორი სერია დასრულდა. “ტორონტომ” “ვაშინგტონი”, ხოლო “იუტამ” “ოკლაჰომა” დაამარცხა.
“ჯაზმენებმა” დონოვან მიტჩელის ჩინებული თამაშის წყალობით მოახერხეს გადამწყვეტი მატჩის მოგება და სერიის თავის სასარგებლოდ დასრულებაც. 21 წლის მოთამაშემ “თანდერს” 38 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი გაუხერხა. მიტჩელმა განსაკუთრებით მესამე პერიოდში გაიბრწყინა, როდესაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა...
“ოკლაჰომას” რიგებში კი რასელ ვესტბრუკი იყო ისევ საუკეთესო, რომელმაც თავისი გუნდის ქულების 50% დააგროვა – 46 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. მიუხედავად ასეთი შესაშური შედეგიანობისა, აუცილებელია ისიც ითქვას, რომ რასელმა საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა – 18/43. საბოლოოდ, კი “იუტა ჯაზმა” სერია 4:2 მოიგო და ახლა უკვე “ჰიუსტონ როკეტსს” დაუპირისპირდება.
“იუტა ჯაზი” – “ოკლაჰომა თანდერი” 96:91 (18:22, 23:19, 37:29, 18:21)
“ვაშინგტონის” რიგებში ბრედლი ბილი და ჯონ ველი ისევ გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ მათი საიმედო თამაში არ გამოდგა იმის საწინდარი, რომ “ვიზარდსს” “ტორონტო” დაემარცხებინა და ყველაფერი მეშვიდე მატჩში გადაწყვეტილიყო. ისე, მასპინძლები თითქმის მთელი თამაში წინ იყვნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში კანადელებმა 15 ქულით მოახერხეს გაქცევა და არამარტო შეხვედრის, არამედ სერიის ბედიც გადაწყვიტეს. “რეპტორსის” რიგებში კაილ ლოვრი გამოირჩა, ხოლო დემარ დეროზანის მონაგარმა ამჯერზე 16 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა შეადგინა. “ტორონტო რეპტორსმა” სერიაში 4:2 გაიმარჯვა და მეტოქეს ელოდება, რომელიც “კლივლენდისა” და “ინდიანას” დუელში უნდა გაირკვეს.
“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ტორონტო რეპტორსი” 92:102 (30:20, 23:30, 25:23, 14:29)
“ბოსტონ სელტიქსისა” და “მილუოკი ბაქსის” წყვილში გამარჯვებულს მეშვიდე მატჩი გამოავლენს და ანალოგიური სცენარია “კლივლენდისა” და “ინდიანას” დაპირისპირებაში. “პეისერსმა” “კავსს” სერიის მეექვსე შეხვედრაში უბრალოდ შანსი არ დაუტოვა და ძალიან ადვილად მოუგო. ინდიანაპოლისში, მასპინძლებმა მეტოქე ოთხივე პერიოდში დაჯაბნეს და რა გასაკვირია, რომ საბოლოოდ სოლიდური სხვაობითაც იყოჩაღეს – 121:87.
საუკეთესო მატჩი არ ჰქონია ლებრონ ჯეიმსს და “მეფეს” თუ თამაში არ მისდის, “კავალიერსის” წაგება გასაკვირი საერთოდ აღარაა. ლებრონმა შეხვედრა მისთვის მოკრძალებული მონაცემებით, 22 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა დაასრულა. გამარჯვებულთა რიგებში კი ვიქტორ ოლადიპო იყო ყველაზე შედეგიანი, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა და შესანიშნავი მატჩი ჩაატრაა – 28 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი. ამ გუნდებს შორის, ბოლო და გადამწყვეტი შეხვედრა 29 აპრილს, კლივლენდში ჩატარდება.
“ინდიანა პეისერსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 121:87 (29:26, 28:21, 35:20, 29:20)