“თსუ-ჰიუნდაი” სუპერლიგის საგზურის მფლობელია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში 68:60 დაამარცხა “ტიტები” და “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” გაერთიანებულმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.
ფინალში დამარცხებულ “ტიტებს” სუპერლიგაში გადასვლის შანსი რჩება. დავით უსტიაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდება. სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება და მატჩები 3 და 5 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება”ა” ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ვერც ერთი გუნდი სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდა, სანამ ბოლო წუთებზე მჭიდრო დაცვისა და შედეგიანი კონტრშეტევების შემდეგ “თსუ-ჰიუნდაიმ” ხელჩასაჭიდი ლიდერობა არ მოიპოვა. ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში სუპერლიგის საგზურის მომავალმა მფლობელებმა დამაჯერებლად, უშეცდომოდ ითამაშეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით – 68:60 გაიმარჯვეს.
“თსუ-ჰიუნდაიში” 24 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სტანოიე კნეჟევიჩი. 18 ქულა მოაგროვა სანდრო სანაძემ, ხოლო დენიელ უილიამსის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გამარჯვებაში 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 ქულით სოლიდური წილი დაიდო კრისტოფერ ანდერსონმა. “ტიტებში” 19 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო რაშად რენსომი, ანტუან სპეისმა 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ბესო ლეჟავას ანგარიშზე 10 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
“თსუ-ჰიუნდაის” წევრები სუპერლიგაში გადასვლის ნიშნად სპეციალური მედალიონებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გამგეობის წევრმა, ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდისთვის განკუთვნილი “ა” ლიგის საჩემპიონო დაფა თსუ-ჰიუნდაელთა კაპიტანს, დავით აფხაზავას გადაეცა.
ტიტები – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 60:68
სერია მოიგო თსუ-ჰიუნდაიმ – 3:1
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – „დღეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მოწინააღმდეგე გუნდში ბევრად გამოცდილი მოთამაშეები თამაშობდნენ, ლეჟავა წლების მანძილზე ნაკრების წევრი იყო, შესაბამისად მის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მიუხედავად ყველაფრისა, საბედნიეროდ, მოვახერხეთ გამარჯვება.“
სანდრო სანაძე – „საკმაოდ დაძაბული სერიები გამოვიდა. ანგარიშით 3:1 გავიმარჯვეთ, მესამე თამაში, ალბათ, იმის გამო წავაგეთ, რომ სათანადო მონდომებითა და ენერგიით არ მივუდექით, მაგრამ, ვფიქრობ, მეოთხე თამაშისთვის ყველაფერი გამოვასწორეთ და მივაღწიეთ ჩვენს საწადელს.“
GBF.GE