ძიუდო

22:45 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს ძალა ებრაულ ტატამზე გამოჩნდება

თელ ავივში ძიუდოს ტატამები გაშალეს. ხვალიდან 28 აპრილის ჩათვლით, ისრაელში სიდიდით მეორე ქალაქი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 44 ქვეყნის ნაკრებს შორის საქართველოს 9-კაციანი ვაჟთა გუნდიც იქნება. ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობამ კი ევროგანაცხადში ერთი ძიუდოისტიც არ შეიყვანა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები სეზონის არც თუ წარმატებული სტარტის მიუხედავად, ევროკონკურენციაში ტრადიციულად, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი უნდა იყოს. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა წლეულს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე ერთობ მოკრძალებული შედეგები აჩვენა (გამონაკლისი მხოლოდ თბილისის გრან პრი იყო, რომელიც ძლიერი უცხოელი სპორტსმენების გარეშე ჩაჭიდავდა), თუმცა, საერთაშორისო ტურნირები ევროპირველობისთვის მოსამზადებელ ეტაპებად განიხილებოდა და დაბალი შედეგიანობის მიზეზად ოპტიმალურ ფორმაში არყოფნაც შეიძლება დასახელდეს. ტიტულოვანი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული გუნდის რეალური ძალა ებრაულ ევროპირველობაზე უნდა გამოჩნდეს.

ევროპის სამდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს – 26 აპრილს, საპრიზო სამეულები ვაჟებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. უმსუბუქეს წონაში საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ევროპის 2013 წლის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი, 29 წლის ამირან პაპინაშვილი და ჭაბუკებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2009), 24 წლის ლუხუმ ჩხვიმიანი. 66 კილოგრამში კი ტატამზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონი, 24 წლის ვაჟა მარგველაშვილი გავა.

60 კილოგრამში სატურნირო ბადეში მხოლოდ 20 მონაწილე ჩაეწერა. ქართველი მსუბუქწონოსნები წილისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ორივეს ოთხ-ოთხი გამარჯვება ეყოფა. პაპინაშვილი პირველ შეხვედრაში ბულგარელი ვალენტინე ალიპიევისა და ბელგიელი ჟორდან შილდერმანსის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანის მეტოქე კი აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლისა და რუს ბესლან მუდრანოვს შორის უძლიერესი იქნება. საქართველოს ნაკრების წევრები ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროკონკურენციაში 32 ძიუდოისტი ჩაებმება. ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ვაჟა მარგველაშვილი საქმეში პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება, გერმანელ მიშელ ადამთან შეხვედრით.

27 აპრილს მედლები 73 და 81 კილოგრამებში გათამაშდება და საქართველოს ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) წარმოადგენენ. 28 აპრილს კი ტატამები 90, 100 და +100 კილოგრამებში მოჭიდავეებს დაეთმობათ. მათ შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ბექა ღვინიაშვილს, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ უშანგი მარგიანს (ორივე 90 კგ), ევროპის სამგზის ჩემპიონ ვარლამ ლიპარტელიანსა (100 კგ) და ევროპის მოქმედ ჩემპიონ გურამ თუშიშვილს (+100 კგ).

ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, წლევანდელი ევროპირველობა მხოლოდ ინდივიდუალურ შეჯიბრებას დაეთმობა. ევროპის გუნდური ჩემპიონატი კი 2018 წლის სატურნირო კალენდარში ცალკე ტურნირად ჩაიწერა და 18 ივლისს, ეკატერინბურგში გაიმართება.

0.115928