ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრები ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. დღეს, “ვინოვოს” საწვრთნელ ბაზაზე, როდესაც “ბებერი ქალბატონის” ვარჯიში მიმდინარეობდა, არაერთი ბანერი და შესახილი გაისმა ფეხბურთელების გამოსაფხიზლებლად.
“ჩვენი ხმა, თქვენი გული – გავიმარჯვებთ”, - ერთ-ერთი მესიჯი ამ ხასიათის იყო. თუმცა, გახლდათ უფრო შეურაცმყოფელი ტრანსპარატებიც.
ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ გულშემატკივრების ნაწილთან ჯანლუიჯი ბუფონმა, კლაუდიო მარკიზიომ და პაულო დიბალამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ დიალოგი გამართეს.
არგენტინელ თავდამსხმელთან შემდეგი საუბარი შედგა:
ქომაგები: “ჩვენ არ გედავებით, ჩვენ ვცდილობთ სტიმულის გაღვივებას. ჩვენ ეს სკუდეტო გვჭირდება. სხვებს ძველი გამარჯვებები უკვე დაავიწყდათ”.
დიბალა: “მართალია, არც ჩვენ გედავებით. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს სკუდეტო”.
“იუვენტუსი” სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “ნაპოლის” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. ბოლო ორ ტურში “იუვემ” 5 ქულა დაკარგა (მათ შორის, წააგო შინ “ნაპოლისთანაც”) და კონკურენტთან 6 ქულიანი უპირატესობა თითქმის გაანიავა. ტურინელებს საკმაოდ რთული კალენდარიც აქვთ. შაბათს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი “სან სიროზე” “ინტერს” ეწვევა.