იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო “ლივერპულთან” პირველ მატჩში მარცხის (2:5) მიუხედავად, იმედიანადაა განწყობილი და აღნიშნავს, რომ მის გუნდს სიტუაციის შეცვლა შეუძლია.
“ეს იყო განსხვავებული თამაში, ვიდრე “ბარსელონასთან”. კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ დავკარგეთ თავი და სირთულეები შეგვექმნა. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ბევრი ინდივიდუალური დუელი წავაგეთ დ ამიტომაც დავმარცხდით. როდესაც, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშობ, ეს ძალიან მაღალი დონეა. არ მინდა, მხოლოდ დაცვის თამაშზე ვისაუბრო, ყველამ დაუშვა შეცდომები და ყველამ წააგო ეს მატჩი.
5:0-ზე შანსი ნამდვილად არ გვექნებოდა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ვისაც არ სჯერა ჩვენი ქამ-ბექის, ის სახლში დარჩება”, - აღნიშნა დი ფრანჩესკომ.
შეგხსენებთ, “ლივერპულმა” “რომა” 5:2 დაამარცხა და საპასუხო მატჩის წინ დიდი უპირატესობა მიიღო. საპასუხო შეხვედრა 1 კვირაში იტალიის დედაქალაქში გაიმართება.