ჭიდაობა

16:45 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა ევროპის განაცხადი შეავსეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ევროპის 2018 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ევროპირველობას რუსეთის ქალაქი კასპიისკი უმასპინძლებს და შეჯიბრების პირველ სამ დღეს – 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ხალიჩები სწორედ ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ.

როყვამ განაცხადი საქართველოს ჩემპიონებით შეავსო. რუსულ ევროკონკურენციაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც ჩაებმებიან.

30 აპრილს ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში - წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები შედგება. ამ წონებში საპრიზო სამეულები 1 მაისს შეივსება. იმავე დღეს ჩაერთვებიან საქმეში დარჩენილ ხუთ წონაში (60, 67, 72, 82 და 97 კგ) მოჭიდავეები. მათი ფინალური ბლოკის ბრძოლები კი 2 მაისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები კასპიისკში 28 აპრილს გაემგზავრება.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები

55 კგ – ნუგზარ წურწუმია

60 კგ – დავით ჩხარტიშვილი

63 კგ – ლევან ქავჟარაძე

67 კგ – შმაგი ბოლქვაძე

72 კგ – იური ლომაძე

77 კგ – თორნიკე ძამაშვილი

82 კგ – ზურაბ დათუნაშვილი

87 კგ – რობერტ კობლიაშვილი

97 კგ – კუკური კირცხალია

130 კგ – იაკობ ქაჯაია

0.114413