კალათბურთი

22:58 | 20.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მე-6 გამარჯვებამ "კაკტუსს" სუპერლიგის ლიდერობა მოუტანა

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” “მარნეულს” 97:84 მოუგო და წარმატებული სერია 6 მატჩამდე გაზარდა. კაკტუსელებს შანსი აქვთ, მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი: ზედიზედ 8 მოგება გაიმეორონ, თუკი რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 2 მატჩს – “სოხუმთან” და “მგზავრებთან” მოიგებენ. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 8 მოგება მიმდინარე სეზონში “ქუთაისმა” მოაგროვა მე-15-დან 22 ტურის ჩათვლით.

“კაკტუსი” მართლაც კარგ ფორმაშია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დაკარგა 1 ლეგიონერი (ტერიკ ბრიჯმენი საოპერაციოა), გუნდის წევრები კარგად შეთამაშებულნი და რაც მთავარია, მომზადების პიკში არიან. შედეგიც სახეზეა: 28 მარტის შემდეგ ჟღენტის გუნდმა მიყოლებით დაამარცხა ოლიმპი, ბათუმი, დინამო, ქუთაისი, რუსთავი და დღეს მარნეულსაც სძლია.

კაკტუსელებმა საბოლოოდ 13 ქულით მოიგეს, თუმცა პირველ ტაიმში ქვემოქართლელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და მატჩიც თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი “მარნეულმა” 21:16 მოიგო, ხოლო მეორეში ამდენიმე სხვაობით კაკტუსელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ფრე – 42:42 დაფიქსირდა.

კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, რომელიც “კაკტუსმა” ძირითადად მეფარეთა შედეგიანობით 24:13 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. გამარჯვებულებს 18 ქულითა და 10 მოხსნით ჯონ მიჩელმა ულიდერა. 18 ქულა მიითვალა გიორგი ტურძილაძემაც. 15 ქულა დაგროვდა დეანდრე პარკსისა და დავით ლომიძის ანგარიშზე. 18 ქულა და 10 მოხსნა მოინაგრა მარნეულელმა არტიომ შვეცმა, ხოლო ნიკოლას ნილმა და საბა ლობჯანიძემ ქვემოქართლელებს 17-17 ქულა მიაშველეს.

ამ გამარჯვებით კაკტუსელებმა სამეულში მოხვედრა ფაქტობრივად გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქუთაისის” გარდა ნებისმიერი რეგიონის გუნდთან პლეი ოფში მოედნის უპირატესობა ექნება. კიდევ ერტი მნიშვნელოვანი სარგებელი: მინიმუმ ხვალამდე, სანამ ოპონენტები ითამაშებენ, “კაკტუსი” სუპერლიგის ცხრილში პირველ ადგილზე იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერი “ქუთაისია”, რომელსაც ამ მომენტისთვის “კაკტუსზე” და “დინამოზე” ერთით ნაკლები – 9 წაგება აქვს (იხილეთ სატურნირო მდგომარეობა).

სუპერლიგის 2 მატჩი ხვალ, თბილისი ოლიმპიურ სასახლესა და რუსთავში გაიმართება.

კაკტუსი – მარნეული
სტატისტიკა: 97:84

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია – “მარნეულის” მთავარი მწვრთნელი:

“ვერ შევძელით ბოლომდე ბრძოლა. მეორე ტაიმში ძალები არ გვეყო მეტოქისთის წინააღმდეგობის გასაძლევად და დავმარცხდით. ვულოცავ “კაკტუსს” ამ გამარჯვებას. გუნდი მართლაც კარგ ფორმაშია და დღეს მოგებას იმსახურებდა. ჩვენ კი რეგულარულში 2 ტური დაგვრჩა და მომავალი პლეი ოფისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით”.

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

“ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. ზედიზედ 6 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან სასიახრულოა. წინ საქართველოს თასის ფინალი გველოდება, სადაც „ქუთაისი“ ნამდვილად ფავორიტია, თუმცა ჩვენ ვეცდებით სათანადოდ მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ”.

gbf.ge

0.132979