ჭიდაობა

13:10 | 16.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

18 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პრაღის ხალიჩიდან

საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 18 მედალი მოიპოვეს. პრაღაში გამართულ ევროპირველობაზე, ვაჟთა და გოგონათა ორ-ორ ასაკობრივ ჯგუფებში შეივსო საპრიზო სამეულები. ქართველებმა ტრადიციულად, გამორჩეულად ვაჟთა ევროკონკურენციაში იყოჩაღეს. ახალგაზრდებმა ჩემპიონატი სამ-სამი ოქროსა და ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედლით ჩაამთავრეს. ჭაბუკთა ანგარიშზე კი სამი ოქრო და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაოა.

ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან ევროპის ჩემპიონები გახდნენ: საბა გრიგალაშვილი (62 კგ), გაგა ბახტიძე (68 კგ) და ზვიად თევდორაშვილი (74 კგ). გიორგი ჭუმბურიძესა (52 კგ) და ნიკა სიდამონიძეს (90 კგ) მიზნამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. გოგა ვარდოსანიძემ (57 კგ), ლაშა მათიაშვილმა (82 კგ) და სოგრატ სვანაძემ (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ჭაბუკებში ევროპოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ნიკა კოჩალიძე (52 კგ), ალექსანდრე ხუბულური (81 კგ) და გოჩა ღვაჩლიანი (87 კგ). ავთო მუკბანიანი (60 კგ) და ერეკლე ოძელაშვილი (70 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი მეხრიშვილი (48 კგ) და ელიზბარ თურქია (56 კგ) – ბრინჯაოებს.

გოგონებში ახალგაზრდებს შორის ელისო სისაური (68 კგ) ფინალამდე მივიდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მარიამ ცერცვაძე (+80 კგ) - ბრინჯაოს. უმცროს ასაკობრივ ჯგუფში კი საპრიზო სამეულში მხოლოდ ერთი ქართველი შევიდა – თინათინ რევაზიშვილმა (60 კგ) მეორე ადგილი დაიკავა.

გუნდური შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს როგორც ჭაბუკთა, ისე ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

0.132432