ფეხბურთი

3:00 | 15.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ჩემპიონშიფის კანდიდატები გამოიკვეთნენ

პრემიერლიგის 34-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. მოწინავე პოზიციებზე ისეთი მდგომარეობაა, რომ ნაკლებად სავარაუდოა რაიმე მნიშვნელოვანი შეიცვალოს, გასავარდნ ზონაში კი გუშინდელი დღის შემდგომ სამი კლუბი გამოიკვეთა, რომელნიც ჩემპიონშიფში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგანან.

“ვესტ ბრომვიჩის” მდგომარეობა უიმედოა და ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ხოლო “სტოკს” და “საუთჰემპტონს” გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ რაც დრო გადის ეს შანსები უფრო და უფრო მიზერული ხდება.

“წმინდანები” საკუთარ მოედანზე “ჩელსის” დაუხვდნენ, რომელიც უდიდესი ალბათობით ოთხეულს მიღმა დარჩება. მასპინძლები ტადიჩის და ბედრანეკის გოლებით 70-ე წუთამდე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ რვაწუთიან მონაკვეთში ყველაფერი შეიცვალა და მარკ ჰიუზის გუნდი საერთოდ უქულოდ დარჩა: ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, 75-ე წუთზე ედენ აზარი ვილიანის მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ პასს გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში უყურადღებოდ დარჩენილმა ჟირუმ დუბლი გაიფორმა და “ჩელსიმ” მშვენიერი “ქამბექით” იმარჯვა, ხოლო “საუთჰემპტონი” მე-17 ადგილოსან “სუონსის” უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

“კრისტალ პალასმა” უხვგოლიან მატჩში შინ “ბრაიტონი” დაამარცხა და საშიშ ზონას 6 ქულით მოცილდა. “შელჰარსტ პარკზე” შეკრებილმა პუბლიკამ ხუთივე გოლი პირველ ტაიმში იხილა. გამოსარჩევია, ვილფრიდ ზაჰას დუბლი. მოიგო “ჰადერსფილდმაც”, რომელმაც გამარჯვების გოლი “უოტფორდს” 91-ე წუთზე გაუტანა და “საუთჰემპტონი” 7 ქულით ჩამოიტოვა. “სუონსიმ” კი ქულები დაკარგა, “გედები” შინ “ევერტონთან” აგებდნენ, მაგრამ ჯორდან აიუმ წონასწორობა აღადგინა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

შესანიშნავ ხასიათზე მყოფი “ლივერპული” “ენფილდ როუდზე” “ბორნმუთს” დაუხვდა და სამი უპასუხო გოლი გაიტანა. მასპინძლებმა ტაიმი სადიო მანეს გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში კი, შეუჩერებელმა მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ ივარგეს.

ბრწყინვალე ფორმაშია “ბარნლი”, რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და მე-6 ადგილოსან “არსენალს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. შონ დიჩის შეგირდებმა ამჯერად საკუთარ მოედანზე “ლესტერს” სძლიეს.

დღის ცენტრალური დაპირისპირება კი “უემბლიზე” შედგა, სადაც “ტოტენჰემი” “მანჩესტერ სიტის” დაუხვდა და შინ 3 ქულა გაატანა. ჩემპიონთა ლიგაზე შერცხვენილმა “ქალაქელებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და შეხვედრის საწყის 25 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხეს: ანგარიში 22-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა, რომელიც ვინსენტ კომპანის გრძელი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბრაზილიელმაც შანსი გამოიყენა. 25-ე წუთზე კი ილქაი გიუნდოგანმა პენალტი შეასრულა ზუსტად და საკუთარი გუნდის უპირატესობა დამაჯერებელი გახადა. ტაიმის ბოლოს კრისტიან ერიკსენმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეორე ნახევარში რაჰიმ სტერლინგმა ივარგა, დამატებაზე ყველას დაასწრო და 72-ე წუთზე შეხვედრის ბედი გადაწყვიტა – 1:3. მომდევნო ტურში თუ “სიტი” მოიგებს, ჩემპიონის ტიტულს ოფიციალურად გაინაღდებს.

საუთჰემპტონი – ჩელსი 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ტადიჩი (21), 2:0 ბედნარეკი (60), 2:1, 2:3 ჟირუ (70; 78), 2:2 აზარი (75)

ბარნლი – ლესტერი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ვუდი (6), 2:0 ლონგი (9), 2:1 ვარდი (72)

კრისტალ პალასი – ბრაიტონი 3:2 (3:2)

გოლები: 1:0, 3:1 ზაჰა (5; 24), 2:0 ტომკინსი (14), 2:1 მარი (18), 3:2 იზკუერდო (34)

ჰადერსფილდი – უოტფორდი 1:0 (0:0)

გოლი: ინსი (91)

სუონსი – ევერტონი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნოუტონი (43 ს.კ.), 1:1 ჯ.აიუ (71)

ლივერპული – ბორნმუთი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მანე (7), 2:0 სალაჰი (69), 3:0 ფირმინო (90)

ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი 1:3 (1:2)

გოლები: 0:1 ჟეზუსი (22), 0:2 გიუნდოგანი (25 პენ.), 1:2 ერიკსენი (42), 1:3 სტერლინგი (72)

0.213682