ფეხბურთი

12:18 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკო: “აქ ჩვენ არავინ გველოდა”

“რომას” მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო აცხადებს, რომ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვება (3:0) და ნახევარფინალში გასვლა, იმ სამუშაოს შედეგია, რომელიც გუნდმა გასწია.

“ჩვენი გუნდის ძალა იმაშია, რომ მხოლოდ წინ ვიყურებით და არა უკან. უახლოეს კვირას დერბი გველის და ყოველთვის მომავალ დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ.

“ბარსელონასთან” პირველი მატჩის წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და ახლა ეს გამარჯვებაც შემიძლია ჩემად მივითვალო. სერია A-ში კარგი თამაშები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიმკით იმ სამუშაოს შედეგს, რომელიც შევასრულეთ.

ცხადია, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია. რატომაც არა? ისე შორს წავედით, აქ ჩვენ არავინ გველოდა, ახლა კი თამასა კიდევ უფრო მაღლა უნდა ავწიოთ” - განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დი ფრანჩესკომ, რომლის გუნდმაც “ბარსელონასთან” “კამპ ნოუზე” განცდილი მარცხის (1:4) შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირების ბედის სათავისოდ შებრუნება შეძლო და ნახევარფინალში ითამაშებს.

0.114758