კალათბურთი

10:40 | 11.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

რამაზას გუნდი

„რუსთავი“ რამაზ გოგობერიშვილის გუნდია. როგორც ადრე, როდესაც გუნდს ერქვა „აზოტი“ და ცოტა მერე, როდესაც „ენერჯი ინვესტი“ გახდა. დღეს რუსთავში „რუსთავია“ და შეიცვალა მხოლოდ დასახელება. იქ კალათბურთი ერთ ადამიანთან ასოცირდება.

რამაზ გოგობერიშვილთან.

ადვილია წერა პიროვნებაზე, რომელსაც პატივს სცემ და ვისთანაც ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გაქვს. და თან, მაგარი რთული. ნებისმიერ შემთხვევაში, ცდილობ დაინახო იმაზე მეტი, ვიდრე ამ ადამიანს შეუძლია და ცდილობ, იყო იმაზე ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე - ეს ადამიანი იმსახურებს.

რამაზის, ან, როგორც მას რუსთავში მეობრულად ეძახიან, რამაზას შემთხვევაში, ცოტა სხვა თემაა. იმდენად ჩაჯდა მეხსიერებაში მისი ჯადოსნური კალათბურთი და იმდენად შეუდარებელი იყო გოგობერიშვილის თამაშის სტილი, რომ ჯერ ვერც ეჩვევი მის მწვრთნელობას. თუ გუნდი ვერ იგებს, თუ გუნდი მის დავალებას ვერ ასრულებს, გგონია (ან, მაგრად გინდა), რომ გოგობერიშვილი საკუთარ თავს შეუშვებს მოედანზე და კალათბურთიც შეიცვლება. უფრო ფერადი და მიმზიდველი გახდება. როგორც ყოველთვის. მასთან ერთად.

ადრე, სასტუმრო „აჭარაში“ დუდუ დადიანი ნაკრებს ორი გასვლითი თამაშის წინ რომ პატრონობდა, ახალ, საინტერესო გაზეთში, „ოლიმპში“ ვწერდი და როდესაც სასტუმროს შესასვლელში, ხმაურიან, ხელზე გამაზვის მსურველებით გადაჭედილ კაფეში დუდუსთან ნაკრების პერსპექტივაზე ვსაუბრობდით, ყველაზე გემოვნებიანი ადამიანისგან რჩევა მივიღე, ზურა, მიდი, რამაზის დაელაპარაკე, მაგან კალათბურთი იცის. ან - ზურა ტომარაძეს, ან - რამაზის, მირჩია დუდუმ. არ მახსოვს, შედგა თუ არა ინტერვიუ, მაგრამ მახსოვს დუდუს რჩევა. ის ამაშიც გემოვნებიანი იყო.

როდესაც „ენერჯიში“ გოგობერიშვილი პირველ ხუთეულში ვერ ხვდებოდა და მწვრთნელებს ხანდახან ავიწყდებოდათ, რომ ხალხი დარბაზში უფრო რამაზის სანახავად მიდიოდა, კაპიტანი ცოტა მოწყენილი იყო, მაგრამ გუნდისთვის შემცირებულ დროსაც იღებდა და ამ დროში უფრო სხვაზე თამაშობდა, ვიდრე - საკუთარ თავზე. შეეძლო ერთი მოძრაობით მთელი „ენერჯი“ გადაეფარა, მაგრამ კაპიტანი გუნდის ინტერესებს უფრთხილდებოდა და მწვრთნელების დავალებას ასრულებდა. უკვე მოგვიანებით, როდესაც ჩემი საყვარელი „სან ანტონიოს“ მეორე ხუთეულში ემანუელ ჯინობილი გადაიყვანეს, გამახსენდა რამაზი. ორი გენიალური ადამიანი. ორივემ მიიღო ის, რაც გუნდისთვის უკეთესი იყო და ორივე ჩემპიონი გახდა. არ შეადაროთ. უბრალოდ, დააფასეთ.

დღეს „რუსთავი“ ცოტა სხვა გუნდია. არიან რუსთაველებიც. არიან კარგი ლეგიონერებიც. არიან სხვებიც. გუნდში დარჩნენ ძველებიც. ვინც რამაზისთან ერთად ასკდებოდა „ვითას“ კედელს და ვერ იგებდა. ისინი დღესაც გოგობერიშვილთან არიან. ახალგაზრდებს კალათბურთს უხსნიან.

და „რუსთავი“ დღესაც ერთი კაცის გუნდია. რომელიც გუნდთან ერთად იზრდება და რომელიც გუნდში თავის შვილს ასწავლის. კალათბურთს. დანარჩენს გიგი თავისით ითვისებს.

რუსთავში იყვნენ ვოვა ბოისა და ირაკლი ჯაფარიძე. რუსთავში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ბევრი, ძალიან ბევრი წევრი და რუსთავში იყვნენ კარგი, წარმატებული ლეგიონერებიც.

და რუსთავი ჩემთვის დღესაც ერთი კაცის გუნდია.

რამაზ გოგობერიშვილის.

0.114559