ჭიდაობა

10:53 | 10.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამივე სინჯის მედალი თურქული ტატამიდან

ქართველმა ძიუდოისტებმა გასულ უქმეებზე, ანტალიაში გამართულ გრან პრიზე სამი მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები თურქეთში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩავიდა. კიმონო სულ ათმა ქართველმა მოირგო და მათგან საუკეთესო შედეგი ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) აჩვენა – ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს პრიზიორმა 19 წლის ძიუდოისტმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე ადვილად მოიგო და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებში პირველი მედალი მოიპოვა. პირველივე უმაღლესი სინჯის. ამ წარმატებით ნინიაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – ჯაბა პაპინაშვილს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში უმაღლეს ტიტულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა, ვერცხლს დაეუფლა და 490 ქულა შეიმატა. ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი – 18 წლის ტატო გრიგალაშვილი კი 81 კილოგრამში ბრინჯაოს და 350 ქულას დასჯერდა.

ნინიაშვილის მსგავსად, ამ რანგის შეჯიბრებაზე პაპინაშვილი და გრიგალაშვილიც პირველად ავიდნენ პოდიუმზე.

ანტალიის გრან პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ ასევე იჭიდავეს: ნიკო ჭიკაიძემ (66 კგ), ომარ ნიაზაშვილმა (73 კგ), გიგა გიგაურმა (81 კგ), ზაურ კენჭაძემ, დავით რამაზაშვილმა (ორივე 100 კგ), გიორგი ქავთარაძემ და გიორგი ზაქარიაძემ (ორივე +100 კგ). ტურნირში მონაწილეობა 50 ქვეყნის 316-მა ძიუდოისტმა მიიღო.

0.114409