ძალოსნობაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე ჩვეულად გაილაღა. ოლიმპიური თამაშების (2016), მსოფლიოს 2-გზის (2015 და 2017) და ევროპის აწ უკვე 3-გზის (2016, 2017 და 2018) ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ორივე მოძრაობასა და ორჭიდის ჯამშიც უდიდესი უპირატესობით აჯობა ყველა კონკურენტს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – ევროპის 2015 წლის ჩემპიონმა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ირაკლი თურმანიძემ კი ქართველთა საერთო რუმინულ ევრომონაგარს ერთი ვერცხლი შემატა.
ლაშა ტალახაძემ ატაცი 200 კილოგრამით დაიწყო. იმ დროისთვის მძიმე წონის დანარჩენ მონაწილეებს უკვე სამივე ცდა დასრულებული ჰქონდათ. აიტაცა, თუმცა ცოტა გაუჭირდა. 10 კილოგრამით დამძიმებულ შტანგას გაცილებით ადვილად გაუმკლავდა და მწვრთნელებმა მსოფლიოს ახალი რეკორდი – 221 კილოგრამი შეუკვეთეს. სამი თვის წინ, ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე დამყარებული თავისივე რეკორდი (220) ამჯერად ხელუხლებელი დარჩა.
თურმანიძემ ატაცი 185 კილოგრამით და წარმატებული ცდით გახსნა. მეორე და მესამე ცდებზე კი 190 და 192-კილოგრამიანი შტანგებიც დაიმორჩილა და მხოლოდ ლაშა ტალახაძეს ჩამორჩა. უახლოეს მდევარს – უნგრელ პეტერ ჰაგის კი 1 კილოგრამით გაუსწრო.
აკვრაში ტალახაძემ 235 კილოგრამით დაიწყო, ასწია და ორჭიდის ოქროც უმალ გაინაღდა. მეორე ცდაზე 247 აიტაცა, მაგრამ ფეხის ტკივილმა შეაწუხა და აკვრის მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება აღარ უცდია. მესამე ცდა მწვრთნელებმა საერთოდ აღარ გამოიყენეს, სავარაუდოდ ტრავმის რისკის გამო.
ირაკლი თურმანიძემ პირველ მისვლაზე 217 კილოგრამი აჰკრა. მეორეზე – 223, მაგრამ ეს მცდელობა სამიდან მხოლოდ ერთმა მსაჯმა დაუფიქსირა და კიდევ ერთხელ დასჭირდა იგივე წონის აწევა. მესამე ცდაში ეჭვი აღარავის შეპარვია, მაგრამ დაკარგულმა ერთმა ცდამ თან მედლებიც გაიყოლა. აკვრაში თურმანიძე მეხუთე ადგილს დასჯერდა, ხოლო ორჭიდის ჯამში – მეოთხეს.
ძალოსნობა
ევროპის ჩემპიონატი
ბუქარესტი
კაცები
+105 კგ
1 ლაშა ტალახაძე (საქართველო) 457 კგ (210+247)
2 ჟირი ორსაგი (ჩეხეთი) 417 კგ (181+236)
3 პეტერ ჰეგი (უნგრეთი) 416 კგ (191+225)
4 ირაკლი თურმანიძე (საქართველო) 415 კგ (192+223)