ფეხბურთი

2:08 | 1.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის მეფური, გიჟური, ზღაპრული დებიუტი MLS-ში!

დიდებული, ზღაპრული, ფანტასტიკური, გიჟური, მეფური, საოცნებო - რაც გინდათ, ის დაარქვით ზლატან იბრაჰიმოვიჩის დებიუტს ამერიკულ MLS-სა და ლოს ანჯელეს "გალაქსიში".

"გალაქსი" საკუთარ მოედანზე დერბიში, "ლოს ანჯელესთან" 0:3 აგებდა. პირველ ტაიმში საოცრებები ჩაიდინა კარლოს ველამ. მექსიკელმა ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი შეაგდო. მეორე ტაიმში სტუმრებმა მესამეც გაიტანეს და ამ ყველაფერს იბრა სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ 71-ე წუთზე მოედანზე ლეგენდარული შვედი გამოჩნდა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ მატჩის გმირი სკანდინავიელი გახდა.

ზლატანმა 77-ე წუთზე 35 მეტრიდან ისეთი გოლი გაიტანა, მარტო მას რომ სჩვევია და ანგარიში გაათანაბრა (იქამდე "გალაქსის" ორი გოლი უკვე გატანილი ჰქონდა). თუმცა, ეს ყველაფერი არ ყოფილა. მსაჯის დამატებული პირველი წუთი დაიწყო, როცა მარცხენა ფლანგიდან ვეტერანმა ინგლისელმა ეშლი კოულმა ჩააწოდა და იბრამ თავი საგოლედ შეაგება.

მოკლედ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ის დაპყრობას იწყებს. 0:3-დან მოგებული დერბი და 19 წუთში შესრულებული დუბლი. მეტი რა უნდა ინატროს ფეხბურთელმა? თუნდაც, ის ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყოს. ალბათ, არც არაფერი...

0.132897