კალათბურთი

23:20 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაზე დღეს ორივე მატჩი მოიგო

ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მორიგი მატჩები გამართა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა. 30 მარტს თითო მოგებ-წაგების შემდეგ, ჩვენი ნაკრების წევრებმა დღეს მეტი შემართებით ითამაშეს და ორივე შეხვედრა მოიგეს.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები თავდაპირველად სანკტ-პეტერბურგის “ცენტრალნაიას” შეხვდა და 47:34 დაამარცხა. ქართველებმა რუსებს დამაჯერებლად სძლიეს, რაშიც სოლიდური წილი ნიკოლოზ გულიაშვილმა 13 ქულით დაიდო. 9 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა გიორგი ჭიჭინაძემ, ხოლო 8 ქულა გუგა ნაცვლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

შემდეგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იტალიურ “სიენასთან” გამართა და მეტოქე 57:38გაანადგურა. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურად ითამაშა და ქულები ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა. ყველაზე მეტი – 10 ქულა საბა გურეშიძემ მოაგროვა. 9 ქულა დაგროვდა ნიკა გულიაშვილის ანგარიშზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე წრისა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს ხვალ, 1 აპრილს – ქართულ კლუბ “ჰიუნდაისთან” გამართავს, რომელმაც დღეს ორივე მატჩი წააგო – 42:64 ესტონურ “აუდენტასთან” და 47:63 – სანკტ-პეტერბურგის “ადმირალსკაიასთან”.

ხვალ, თბილისის დროით 10:00 საათზე, საქართველოს ნაკრები და “ჰიუნდაი” ერთმანეთს შეხვდებიან, რითაც ორივე გუნდისთვის ევროპის ლიგის მესამე წრე და რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება.

gbf.ge

0.115505