საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ესტონეთთან (2:0) შეხვედრა შეაფასა. პლოცკის “ვისლას” შემტევმა განვლილი ორი ამხანაგური თამაში დადებითად შეაფასა.
“რა თქმა უნდა, დადებითი შედეგია, იმიტომ რომ გავიმარჯვეთ. შევასრულეთ ის დავალება, რაც სამწვრთნელო შტაბისგან გვქონდა მიღებული. მთლიანობაში დადებითად შევაფასებ, რადგან მოვიგეთ, თან უკვე მეორე თამაშია გოლი არ გაგვიშვია. ეს მატჩები დაგვეხმარება შემდეგ შეხვედრებშიც, რომ ეს შემართება შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, შემდეგ შეკრებაზე ჩვენს ტაქტიკას კიდევ უფრო დავხვეწავთ, რომელიც უკვე ერთა ლიგაზე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი და ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას. დიდი მადლობა მათ, ვინც მოვიდა სტადიონზე. გულშემატკივრობას ნამდვილად ვგრძნობდით, რაც თავისთავად ფეხბურთელებისთვის სტიმულია და ფეხბურთს ალამაზებს”, - განაცხადა მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მარტის სპარინგები დამაჯერებლად მოიგო. ლიტვა 4:0, ხოლო ესტონეთი 2:0 დაამარცხა.