საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ქართული კალათბურთის ხელმძღვანელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
გურასპაულმა განაცხადა, რომ საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს გამოთქვამს. ამასთან, დააანონსა, რომ სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. შეხვედრა კი, მსაჯებთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალით დაიწყო:
“მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ თავი სიზმარში მეგონა, ეს მარლაც შოკი იყო ჩემთვის. დრო დაგვჭირდა, რომ ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ ეს პრობლემა გადაგვეჭრა. გამოძიება ჯერ კიდევ არაა დასრულებული და მანამდე კალათბურთში მათ დაბრუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ისინი გუნდთან ერთად ვერ იქნებიან, მაგრამ თამაშზე დასწრებას ვერავის ავუკრძალავთ. სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, საქართველოში იყო სერბი სპეციალისტი ჩამოსული, რომ ახალგაზრდა მსაჯები ეპოვა. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 15 მომავალ მსაჯთან მიდის მუშაობა და რამდენიმემ უკვე დაიწყო კიდეც მსაჯობა. არბიტრების გარდა, მწვრთნელების გადამზადებაც დაიწყო და მათი კვალიფიკაცია გაიზარდა.
საქართველოს ნაკრებში ძალიან რთული სიტუაცია დაგვხდა. ევროლიგასა და ფიბას შორის დაპირისპირებაა, რატომაც ვერ დაგვეხმარა თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. ისინი ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ. მერე ამას ტრავმებიც დაემატა - დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მანუჩარ მარკოიშვილი. ამასთან, მაიკლ დიქსონი, რომელსაც თურქული გუნდი არ უშვებდა, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით მისი ჩამოყვანა მოხერხდა, თორემ სანაკრებო კატასტორფის წინაშე აღმოვჩნდებოდით. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ილიას ზუროსმა შეძლო და პროგრამა მინიმუმი თითქმის შეასრულა. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, ვიდრე ეს ჯგუფიდან გასვლაა. წინა ფედერაციამ შექმნა ბ ნაკრები და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სწორედ მეორე ნაკრების კალათბურთელები დაგვეხმარნენ ძირითადად შესარჩევ ციკლში. ისიც სასიხარულოა, რომ გერმანიასთან მატჩის დროს, ევროპის მასშტაბით საუკეთესო დასწრება თბილისში დაფიქსრდა.
ფიბამ ამ მატჩის ორგანიზებაში 10 ქულიდან 9.5 დაგვიწერა და ეს ნახევარი ქულა სპორტის სასახლის განათების გამო დაგვაკლეს. ისინი გაოცებულნი იყვნენ მატჩის ორგანიზებით. იმედია, რომ ყველა ტრავმირებული კალათბურთელი შემდეგ მატჩებში დაგვიბრუნდება. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში შენგელია და შერმადინი ევროლიგიდან თავისუფლები იქნებიან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც გვაქვს – “სეტონ ჰოლის” კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ჩვენს ნაკრებს დაეხმარება. სანდროს უკვე ივნისში ველოდებით ეროვნულ ნაკრებში. მამუკელაშვილიც და გოგა ბითაძეც სანაკრებო მატჩების შემდეგ 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშებენ.
ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი თბილისში ჩატარდეს. ამის დიდი იმედი არსებობს. რაც შეეხება შანსს – 7-8 ქვეყანა გამოთქვამს მასპინძლობის სურვილს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა წარმოვაჩინოთ ავსტრიასთან და სერბეთთან საშიანო შეხვედრებში. ფიბას უნდა ვაჩვენოთ და დავუმტკიცოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა შეგვიძლია. მინიმუმი არის ჯგუფური ეტაპის, ხოლო მაქსიმუმი ფინალიური ეტაპის მასპინძლობა. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყეთ ინტეგრაცია სპორტის სხვა სახეობებთან. მაგალითად, დავესწარით საქართველო – რუმინეთის მატჩს რაგბიში და მერე მესამე ტაიმზეც ვიყავით. ამას სისტემატური სახე მიეცემა და ვეცდებით, რომ ქართულ სპორტთან ერთ მუშტად ვიყოთ შეკრული.
მე ნამდვილად წინააღმდეგი ვარ, რომ მოქმედმა კალათბურთელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ამა თუ იმ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. კალათბურთი ყველასია და ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობაა”, - განაცხადა გურასპაულმა.
შეგახსენებთ, რომ პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2017 წლის 11 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.