27 თებერვალს, საქართველოს საკალათბურთო ა-ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური გაიმართება, რის შემდეგაც პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფის სისტემით იბრძოლებენ სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
მე-8 ტურის და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრაა ‘’ტიტების’’ და ‘’თსუ ჰიუნდაის’’ დაპირისპირება. ჩემპიონატის ორი უდაო ფავორიტის მატჩმა ბევრი რამ უნდა გაარკვიოს სატურნირო ცხრილში.
‘’თსუ - ჰიუნდაი’’ დამარცხების შემთხვევაში საბოლოოდ დაკარგავს რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანს. „ტიტები“ გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო მიუახლოვდება ჩემპიონატის პირველი ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებას.
შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შეხვედრა ‘’ტიტების’’ გამარჯვებით დასრულდა 80:78.
‘’ტიტებს’’ 6 მოგებადა 2 მარცხი აქვს.
თსუ-ჰიუნდაის 5 მოგება და 3 მარცხი.
წინა ტურში ორივე გუნდმა იოლად მოიგო, თსუ-მ სტუდენტურ დერბში 85:62 მოუგო კსუ-ს, „ტიტებმა“ კი ‘’წყალტუბოსთან’’ გაისეირნა. 107:71.
ურთიერთშეხვედრების ისტორია
ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა. გუნდები ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან, აქამდე გამართული ოთხი მატჩიდან ორი ‘’ტიტებმა’’ მოიგო, ორიც სტუდენტებმა.
მნიშვნელოვანი თამაშის წინ “ტიტების” მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ და ბექა ჩიკვილაძემ კომენტარი გააკეთეს კლუბის პრესსამსახურთან.
დავით უსტიაშვილი: „რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ორი თამაშია დარჩენილი და გაირკვევა თუ რომელ ადგილზე გავალთ და ვის შევხვდებით პლეი ოფში.
‘’თსუ-ჰიუნდაისთან’’ საკმაოდ რთულ ბრძოლას ველოდებით, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა. ვეცდებით მაქსიმალურად ამ თამაშში გამარჯვების მოპოვებას და რეგულარული ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებას. ერთ-ერთი კარგი მოსამზადებელი შეხვედრა იქნება პლეი ოფისთვის“.
ბესიკ ლეჟავა: „ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ‘’თსუ-ჰიუნდაისთან’’. ყველას გვესმის თუ რა მნიშვნელობის შეხვედრაა, გამარჯვებული გუნდი ძალიან მიუახლოვდება რეგულარული ეტაპის მოგებას. თამაშისათვის მზად ვართ, როგორც ტაქტიკურად ასევე ფიზიკურად. ვეცდებით ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ შეხვედრა და შევინარჩუნოთ პირველი ადგილი“.
ბექა ჩიკვილაძე: ჩემი აზრით, ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში იქნება. რაც შეგვეხება ჩვენ ბიჭები კარგ ფორმაში ვართ, ტრავმა არ გვაწუხებს არცერთს. ტაქტიკურად და ფიზიკურად კარგად ვხვდებით ამ თამაშს და ვეცდებით გამარჯვებამდე მივიყვანოთ შეხვედრა“.
დღევანდელ მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. პირველი შეხვედრაში, 18:00 საათზე, კსუ არენა 76-ს დაუპირისპირდება, 20:00 საათზე კი „ტიტები“ - „თსუ-ჰიუნდაის“.