ჭადრაკი

11:27 | 26.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი 2018: ევროპის ჩემპიონატს 4 დიდოსტატი ლიდერობს

ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება. დღეს სასტუმრო „შერატონში“ მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება.

8 ტურის შემდეგ ჩემპიონატს 4 დიდოსტატი ლიდერობს: ისრაელის წარმომადგენელმა ტამირ ნაბატიმ, ინგლისელებმა გევეინ ჯონსმა და ლუკ მაკშეინმა, ასევე პოლონელმა რადოსლავ ვოიტაშეკმა 6,5-6,5 ქულა დააგროვეს.

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული მიხეილ მჭედლიშვილი კვლავ დაუმარცხებელია, თუმცა ლიდერებს ქულით ჩამორჩება. 5,5 ქულით ის სადღეისოდ მეოცეა. მე-8 ტურში მჭედლიშვილი რუსეთის გუნდის წევრს, დიდოსტატს ერნესტო ინარკიევს ყაიმზე შეუთანხმდა. მე-9 ტურში მჭედლიშვილის მეტოქე ესპანელი დიდოსტატი დავიდ ანტონ გუიხარო იქნება, რომელსაც ასევე 5,5 ქულა აქვს.

საქართველოს ნაკრების ლიდერი, შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი და ამ პირველობაზე მე-13 ნომრად განთესილი ბაადურ ჯობავა ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ევროპირველობების ორგზის ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მფლობელ ქართველ დიდოსტატს ბერძენმა ანდრეას კელირესმა აჯობა. 4 ქულით ჯობავა 141-ე ადგილზეა. დღეს მისი მეტოქე სლოვაკი იერგუს პეჩაცი იქნება.

კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულისთვის 34 ქვეყნის 302 სპორტსმენი იბრძვის, მათ შორის 32 ქართველი. ბათუმი 2018-ის გამარჯვებული ოქროს მედლით და 20 ათასი ევროთი დაჯილდოვდება, მეორეადგილოსანი ვერცხლის მედალთან ერთად 15 ათას ევროს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი - 10 ათასს.

„ევროპის პირველობა უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბათუმმა არაერთხელ უმასპინძლა მნიშვნელოვან საჭადრაკო ტურნირს, ასე რომ, ქალაქი მზადაა მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის. შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია, თუმცა რომ არა გერმანიაში, ბერლინში პარალელურად მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირი, წლევანდელი ევროპირველობა უფრო წარმომადგენლობითი იქნებოდა. მიმდინარე ჩემპიონატს შემოდგომით დაგეგმილი ოლიმპიადის მოსამზადებელ ციკლში განვიხილავთ. საორგანიზაციო კომიტეტი სრული დატვირთვით მუშაობს და შემიძლია განვაცხადო, რომ ბათუმი და ზოგადად საქართველო ოლიმპიადას სრულ მზადყოფნაში შეხვდება“, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ფიდე-ს კონგრესზე მოიპოვა, როცა 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა, სამხრეთ აფრიკის ქალაქმა დურბანმა კი 58.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი

0.116096