საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის პირველ რაუნდში ტომას ფაბიანო დაძაბულ მატჩში 1:6, 6:2, 7:5 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე კი, ქართველი ტურნირის მეექვსე ნომერს, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.
ამრიგად, ბასილაშვილის წარუმატებელი შვიდმატჩიანი სერია დასრულდა. ბოლო ორი შეხვედრა ინდიანა უელსის მასტერსსა და მექსიკის ღია ჩემპიონატზე ნიკოლოზმა ტრავმის გამო დათმო.
იტალიელი ქართველს მეოთხედ შეხვდა და ზედიზედ მესამედ წააგო. პირველ სეტი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო, მეორე გეიმზე ბრეიკით დაწინაურება შეეძლო, თუმცა ტომასმა იყოჩაღა და საბოლოოდ სეტი 6:1 მოიგო. აღნიშნულ შვიდ გეიმში ბასილაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ბურთს აუტზე ხშირად გადადიოდა და ბადესაც ხშირად ხვდებოდა. მეორე და მესამე სეტში კი მსოფლიოს 89-ე ჩოგანმა თავისი დამაჯერებელი თამაში აჩვენა. მეორე სეტში ბასილაშვილმა 6:2 იმარჯვა და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მოწოდება 14-ჯერ ზუსტად შეასრულა და ქულა არ დაუკარგავს. მესამე სეტი ქართველმა ბრეიკით დაიწყო და ჩავარდნა მხოლოდ მეექვსე და მეშვიდე გეიმებზე ჰქონდა, როდესაც მეტოქემ ანგარიში ბრეიკით გაათანაბრა და შემდეგ წინ გავიდა - 4:3. მე-11 და მე-12 გეიმებზე კი ბასილაშვილმა დაამტკიცა, რომ დღეს ფაბიანოზე უკეთესად გამოიყურებოდა, ტომასი აშკარად დაჯაბნა კარგი გათამაშებებით და სუფთა ქულებით.
ჯერჯერობით ბასილაშვილის და ანდერსონის თამაშის დაწყების ზუსტი დრო უცნობია. მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში მერვე ნომერი გახლავთ, ასევე კევინმა მიმდინარე სათამაშო წელს ნიუ იორკის ტურნირი მოიგო, ხოლო მექსიკის ღია ჩემპიონატის ფინალში ხუან-მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა. ბასილაშვილი კი 2018 წელს რეიტინგში რეგრესს განიცდის და ფაბიანოსთან გამარჯვება ნიკოლოზისთვის სტიმულისმომცემი იქნება და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველს ტოპ ათეულის ჩოგბურთელებთან თამაში შეუძლია.