"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბის დატოვებას გეგმავს. როგორც BBC Sport-ი იუწყება, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შვედის და კლუბის კონტრაქტის გაწყვეტას დაეთანხმა. ზლატანს ინგლისურ გრანდთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით "მანჩესტერ იუნაიტედს" არ დაუდასტურებია და ისიც არაა ცნობილი თუ სად წავა იბრაჰიმოვიჩი. ESPN-ის ინფორმაციით კი, მიმდინარე კვირის განმავლობაში შვედი "ლოს ანჯელეს გალაქსიში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ზლატანი "წითელი ეშმაკების" რიგებს 2016 წელს შეუერთდა. მას შემდეგ შვედმა 53 მატჩში 29 გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2017 წელს ევროპა ლიგა მოიგო.