მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ახლოვდება. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიცავს მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების კარს – მანუელ ნოიერი თუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.
გერმანიაში ჩატარდა გამოკითხვა, ვინ უნდა იყოს მუნდიალზე ნაკრების პირველი მეკარე. მასში მონაწილეობა 31 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო და ხმების ნახევარი, 50% ტერ შტეგენს ერგო, ხოლო ნოიერს მხარი 45%-მა დაუჭირა, დანარჩენი ხმები სვენ ულრაიხის საკუთრება გახდა.
“ბარსელონას” ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი მიიჩნევს, რომ ტერ შტეგენს ნოიერის შეცვლა შეუძლია:
“გერმანიას გაუმართლა, რომ ასეთი შემცვლელი ჰყავს. ნოიერის არყოფნის შემთხვევაშიც კი, პრობლემა არ არსებობს. ტერ შტეგენი ძალიან მშვიდი მეკარეა და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილელებს იღებს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, შეუძლია ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს”, - განაცხადა პუიოლმა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონაში” დამაჯერებელ სეზონს ატარებს, ხოლო ნოიერმა ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (3 ბუნდესლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე). უკანასკნელი 365 დღის განმავლობაში მხოლოდ 7-ჯერ გავიდა მოედანზე. გარდა ამისა, ჯერ კიდევ უცნობია მოასწრებს თუ არა “ბაიერნის” მეკარე მუნდიალისთვის გამოჯანმრთლებას და ასეც რომ მოხდეს, 100%-ით მზად დიდი ალბათობით არ იქნება.
იოაჰიმ ლიოვი გადაწყვეტილებას ალბათ ბოლო მომენტში მიიღებს.