ყველა ნათლად ვხედავთ იმას, რომ ბობოლა გრანდებსა და საშუალო დონის საფეხბურთო კლუბებს შორის კლასსა და ფინანსურ შესაძლებლობებში უფსკრული თანდათან იზრდება და იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუმცა, ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არათუ რიგით გულშემატკივრებს, იმ ხალხსაც კი არა აქვთ, რომლებიც ჭკვიანური სახით “ბრძნადმეტყველებას” არასოდეს იზარებენ ხოლმე.
სულ ცოტა ხანი გავიდა ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებიდან და ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში უკვე იმდენი დიდი და მე ვიტყოდი შემზარავი შედეგი დაფიქსირდა, რომ ეს სიტუაცია ფიფასა და ქვეყნების საფეხბურთო ფედერაციებს მინიმუმ საფიქრალს მაინც უნდა უჩენდეს. ჩემპიონატებში გახშირდა 8:2, 7:0, 6:0 და მსგავსი შედეგებით დასრულებული შეხვედრები და როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, მომავალში ასეთი მატჩების რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ვისაც რა უნდა ის დაარქვას, მაგრამ მე ამას ფეხბურთს ნამდვილად ვერ ვუწოდებ და გრანდების ქომაგების დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვხვდები რატომ უხარიათ, როდესაც თვალნათლივ ხედავენ როგორ აპარტახებს (მე სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ ვპოულობ) ერთი კლუბი მეორეს და ამით ყოველგვარი აზრი და ინტერესი ეკარგება ფეხბურთს, რომელსაც ისედაც ბევრი პრობლემა შემოსჯარვია.
ლენინი, სტალინი და ტროცკი ჩვენ არ ვართ, რომ ადამიანებსა და საფეხბურთო კლუბებს ფულის შოვნა და მოზიდვა ავუკრძალოთ. ვერც იმას შევძლებთ, რომ ჩავერიოთ კლუბსა და ფეხბურთელს შორის დადებულ კონტრაქტებში და ორი მხარე ყოველთვის თვითონ გადაწყვეტს რა თანხა უნდა დაენიშნოს ფეხბურთელს ხელფასად რა იქნება მისი ვალდებულების სხვადასხვა სიტუაციაში. თუმცა ის უბედურება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები მხოლოდ რამდენიმე კლუბში (რომელთა რაოდენობა ორ ხელზე ჩამოითვლება) ნაწილდებიან, სპეციალური რეგულაციების დაწესებით ნამდვილად შეიძლება მოგვარდეს.
კარგად ვიცი სიტყვა ”რეგულაციები” როგორ აშინებთ მათ, რომლებსაც საკუთარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ხედვად მემარჯვენეობა აურჩევიათ, მაგრამ თუკი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დიდი ანგარიშების მომრავლება ფეხბურთს აზიანებს, მაშინ ცოტ-ცოტა ყველა მხარემ უნდა დათმოს და რაღაც რეგულაციებზე აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ფეხბურთელისათვის ანაზღაურების წესში და ტრანსფერებში გადახდილი თანხების რაოდენობაში ვერავინ ჩავერევით და ეს წმიდათაწმიდა ამბავია, მაგრამ კლუბებს ერთგვარი სატრანსფერო ლიმიტი რომ უნდა დაუწესდეთ – ეს მე აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯი მქონია. საფეხბურთო კლუბებს უნდა განესაზღვროთ წლის მანძილზე განხორციელებული ტრანსფერების რაოდენობა და მათ წლის მანძილზე არ უნდა შეეძლოთ 1-2 ზე მეტი ისეთი ფეხბურთელის შეძენა, რომელთა ღირებულება ვთქვათ 40 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ გზით ჩვენ თავს ავირიდებთ იმისგან, რომ ერთ კლუბში მოხვდებიან: ხამეს როდრიგესი, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი და სხვა მაშინ როცა, ამგვარი ვარსკვლავების ერთ გუნდში ყოფნით საბოლო ჯამში ძალიან ცუდი საქმე კეთდება და ერთ თამაშში გატანილი 8 გოლით დიდი საფრთხის ქვეშ დგება პრიმერა დივიზიონის ავტორიტეტი.
ეს არაა რომელიმე კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი რეგულაციები მავანთა არასამართლიანად აღზევებას შეუწყობს ხელს. უდავო ამბავია, რომ ”ბაიერნი”, “მანჩესტერი”, “ბარსელონა”, “რეალი”, “იუვენტუსი”, “მილანი” და მსგავსი გაქანების კლუბები ყველა პირობებში შეძლებენ საფეხბურთო ცხრილების სათავეში მოქცევას. ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ უბრალოდ ის უნდა მოვახერხოთ, რომ “დეპორტივოსთანა” საინტერესო ისტორიის მქონე კლუბები საშინელი შედეგით აღარ მარცხდებოდნენ. ეს ფეხბურთის ყველა ქომაგისათვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს.