შვეიცარიის სუპერლიგის 26-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ლუცერნმა”. ვაკო გვილიამ და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერზე სტუმრად “ლუგანო” დაამარცხეს (2:1). მატჩის გმირი პასკალ შურპფი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
“ლუცერნის” ქართველი ლიდერი რა თქმა უნდა, ძირითად შემადგებლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული გახლდათ. ერთი საინტერესო დეტალი თუ დამთხვევა: როცა გვილია შვეიცარიულ გუნდს შეუერთდა, 10 გუნდიან ჩემპიონატში მეცხრე ადგილზე იყო, ხოლო ახლა უკვე ევროპა ლიგის ზონაშია, მეოთხე პოზიციაზე 37 ქულით. ვაკომ “ლუცერნში” 6 მატჩი ჩაატარა (4 მოგება, 2 ფრე), 1 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ზედიზედ სამჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. მოკლედ, ვაკო გვილიას კარგი ფეხი ჰქონია!
უკრაინის პრემიერლიგაში დონეცკის “შახტარმა” “მარიუპოლი” ადვილად, 3:0 დაამარცხა. პაულუ ფონსეკამ ჩვენებური დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და არც შეუცვლია. დონბასელები კი, საჩემპიონო ბადეს დამაჯერებლად ლიდერობენ – კიევის “დინამოსთან” უპირატესობა 9 ქულაა.
აქვე გეტყვით, რომ დღეს გიორგი მერებაშვილმა 90 წუთი ითამაშა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა.