საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთათვის ეკატერინბურგის გრან სლემი წარუმატებლად დაიწყო. დღეს, რუსულ ტატამზე მამაკაცთა შორის მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან კონკურენციაში ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ზვიად კაპანაძე (73 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებას ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
გრან სლემზე პირველ ნომრად განთესილი პაპინაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა იაპონელ იუმა ოშიმასთან. კაპანაძემ კი მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მერვედფინალში დაკარგა, სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან წაგებით.
ხვალ საპრიზო სამეულები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე 81 კგ), ონისე სანებლიძე, დავით ოზბეთელაშვილი (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე (+100 კგ).