ფეხბურთი

11:24 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონური მატჩი

ჩემპიონთა ლიგის 19-წლამდე ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ფეხბურთელთა და მწვრთნელთა უკეთ გასაცნობად მხოლოდ ერთი მატჩში მონაწილეთა შესახებ გიამბობთ. აქცენტს მათზე გავაკეთებ, ვინც გუშინდელ მატჩში თავი გამოიჩინა. ვისაუბრებ კლუბების მწვრთნელებზეც.

არსენალი – გალათასარაი 5:1 (1:0)

გოლი: 1:0 ზელალემი (45), 2:0 ჰინდსი (57), 3:0 ვილოკი (59), 4:0 იობი (66), 5:0 ქროული (თერთმეტმეტრიანი, 71), 5:1 ფურკან კოფუზი (90+4)

ფეხბურთელები

გედიონ ზელალემი - 17 წლის შემტევის სტილის ცენტრალური ნახევარმცველი. გასულ სეზონში არსენ ვენგერმა ძირითადი გუნდის განაცხადში რამდენჯერმე შეიყვანა. იმ დროს ზელალემი 16 წლის იყო. მოთამაშეს ძირითადი გუნდის მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ასოციაციის თასზე “ქოვენთრის” წინააღმდეგ.

წარმოშობით ეთიოპიელი ფეხბურთელი ბერლინშია დაბადებული. 2003-2006 წლებში ბერლინის “ჰერტას” საფეხბურთო სკოლაში იზრდებოდა. 2013 წლიდან “არსენალის” ფეხბურთელია. უთამაშია გერმანიის 15-წლამდე და 16-წლამდე ნაკრებებში, ამჟამად 17-წლამდე ნაკრების წევრია.

კეილენ ჰინდსი – 16 წლის ფორვარდი, ითვლება ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად. ინგლისის 16-წლამდე ნაკრების მაისურით 2 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 17-წლამდე ნაკრების რიგებში 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

პირველ ტურში დორტმუნდის “ბორუსიასთან” დუბლი შეასრულა, მეორე ტურში “გალათასარაისთან” ერთხელ გამოიჩინა თავი. ორ მატჩში გატანილი სამი გოლი მოთამაშის შედეგიან თამაშზე მეტყველებს.

კრისტოფერ ვილოკი – ჰინდსის მსგავსად ვილოკიც 16 წლისაა. ამ ასაკის ფეხბურთელები ნაკლებად წარმატებულნი არიან ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში, თუმცა ლონდონურ კლუბს ჩვევია ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და მათთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა, რაც ხშირად ამართლებს ხოლმე.

ვილოკი ამპლუით ნახევარმცველია. ინგლისის 16-წლამდე ნაკრების ყოფილი წევრი ამჟამად ინგლისელთა 17-წლამდე ნაკრებში თამაშობს. პირველ ტურში “ბორუსიასთან” სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასით გამოიჩინა თავი, თურქულ კლუბთან კი თავად გაიტანა.

ალექს იობი – 18 წლის, ამპლუით მარცხენა ფლანგელი, ე.წ. ვინგერი. 2013 წელს “არსენალის” 18-წლამდე გუნდიდან 21-წლამდე გუნდში დააწინაურეს. ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ ჩემპიონატში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

ალექს იობი ნიგერიის ქალაქ ლაგოსშია დაბადებული. მოთამაშის ბიძა ლეგენდარული ნიგერიელი ფეხბურთელი ჯეი ჯეი ოკოჩაა.

დენ ქროული – 17 წლის, ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი. 2013 წელს “ასტონ ვილას” 18-წლამდე გუნდიდან “არსენალში” გადავიდა. როდესაც “არსენალთან” პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი ინგლისურმა პრესამ ქროული ვუნდერკინდად მოიხსენია.

ქროული ინგლისისა და ირლანდიის მოქალაქეა. თამაშობდა ინგლისის 16-წლამდე ნაკრებში, შემდეგ ირლანდიის 17-წლამდე ნაკრების მაისური მოირგო, ხოლო შემდეგ კვლავ ინგლისს დაუბრუნდა და ამჟამად ინგლისის 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.

ფურკან კოფუზი – 18 წლის, ამპლუით ცენტრალური მცველი. “რიზესფორის” აღზრდილად ითვლება. გასულ ზაფხულს მშობლიური ქალაქის კლუბი დატოვა და “გალათასარაიში” გადავიდა.

ფურკან კოფუზი რიზეშია დაბადებული. თემას ოდნავ გადავუხვევ. 1918-1921 წლებში ერთა ლიგამ რიზე საქართველოს შემადგენლობაში აღიარა, თუმცა მასზე ქართული იურისდიქცია არ გავრცელებულა.

მოთამაშის სატრანსფერო პოლიტიკას სააგენტო “სი აი სპორტს გლობალი” წარმართავს. აღნიშნული სააგენტოს წევრია თუნქაი სანლი. “მიდსლბროს,” “ბოლტონის,” “ვოლფსბურგისა” და “სტოკ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი.

ახალგაზრდა მოთამაშეთა დიდი ნაწილის სატრანსფერო პოლიტიკის წარმართველი სააგენტოები ან კერძო პირები ინტერნეტში აღნიშნული არ არის, თუმცა კოფუზი ერთ-ერთი გამონაკლისია, თურქ ფეხბურთელთან დაკავშირებით ამ ტიპის ინფორმაცია არსებობს.

მწვრთნელები

სტივ გეთინგი – ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელია. 1977-81 წლებში მეთოფეთა შემადგენლობაში 58 მატჩი ითამაშა, გაიტანა 5 გოლი.

საფეხბურთო კარიერა 1993 წელს “ჩარლტონ ატლეტიკში” დაასრულა. დაახლოებით 14 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული იყო. 2007 წელს ლონდონის არსენალის 21-წლამდე შემადგენლობას ჩაუდგა სათავეში და დღემდე ამ პოსტს ინარჩუნებს.

სეფეტ აკუიზი – ტრაბზონში დაბადებული 44 წლის სპეციალისტი 2012 წლიდან “გალათასარაიში” მუშაობს. თავდაპირველად, მცირე დროით ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ ერთი სეზონი კლუბის 17-წლამდე ახალგაზრდებს წვრთნიდა, ხოლო 2013 წლიდან 19-წლამდე გუნდის მწვრთნელია.

სეფეტ აკუიზი ყოფილი ფეხბურთელია. უთამაშია “გალათასარაის,” “ტრაბზონსპორისა,” “ანთალიასფორისა” და სხვა თურქული კლუბების მაისურით.

2001 წელს “ქოჯაელისფორში” თამაშობდა, ხოლო შემდეგი წლიდან, როცა აკუიზი უკვე წასული იყო კლუბიდან “ქოჯაელში” სამი ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ იმედაძე, გივი დიდავა და რევაზ ქემოკლიძე ჩაირიცხნენ.

მსაჯები

ლონდონის “არსენალისა” და სტამბოლის “გალათასარაის” შეხვედრას ისლანდიელი თოროდურ ჰიალტალინი სჯიდა. ასისტენტები მისი თანამემამულე იოჰან გუდმუნდსონი და გილფი მარ სიგურდსონი იყვნენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სტეფენ მარტინი ასრულებდა.

უეფას ინიციატივით ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული გათამაშების ყოველ მატჩში ასეთი წესია მიღებულია, რომ მეოთხე მსაჯი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს.


დიმა შარიქაძე

0.119184