ქუთაისის "ტორპედოს" პრობლემა არ შექმნია თბილისის "ლოკომოტივთან". 4:0 - ანგარიში სახეზეა.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა ორი გოლი პირველ ტაიმში, ორიც მეორეში გაიტანეს.
პირველი ბურთი ლევან კუტალიამ მიითვალა, რომელმაც მეკარე რევაზ თევდორაძის შეცდომის შემდეგ, დამატებაზე დაასწრო გიორგი გაბაძეს და ახლოდან გაიტანა. ტაიმის ბოლოს კი თორნიკე კაპანაძემ 25-27 მეტრიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი - 2:0.
მეორე ნახევარში ლევან კუტალიამ ტექნიკური დარტყმით დუბლი გაიფორმა, ხოლო მეოთხე გოლი "ტორპედოს" ფეხბურთელებს არ გაუტანიათ - "ლოკოს" თავდამსხმელ ვატო არველაძეს თავით საკუთარ კარში აეჭრა ბურთი. ეს კუთხურის ჩაწოდებას მოჰყვა.
"ტორპედოს" 6 ქულა დაუგროვდა, " ლოკომოტივს" კი ცუდად აქვს საქმე - სამი მატჩი, სამი წაგება.
ეროვნული ლიგა. მესამე ტური
ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 4:0
გოლები: 1:0 კუტალია (37), 2:0 კაპანაძე (45), 3:0 კუტალია (63), 4:0 არველაძე (80 საკ.კარში)