კალათბურთი

22:40 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“მგზავრებმა” ლიდერ “ქუთაისს” მოუგო

სუპერლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა “ქუთაისმა” მორიგი მატჩი წააგო. იმერულ კლუბს ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფმა “მგზავრებმა” მოუგო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერი ისე დაამარცხა, რომ შეხვედრა ბოლო პერიოდში არ დაძაბულა.

არადა, ქუთაისელებს თითქოს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ, მატჩი თანაბრად დაიწყო და დებიუტში უმეტესად სტუმრები ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ფრედ – 13:13 დასრულდა და თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა დიდ შესვენებაზეც – 41:41. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები ტაიმის ბოლოს 7 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთები მასპინძლებმა სწრაფი შეტევებით და ზუსტად ჩაატარეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მესამე პერიოდში “მგზავრებმა” გარდატეხა მოახდინეს და როგორც ფარქვეშ, ისე პერიმეტრიდან დამაჯერებელი თამაშით შეძლეს ათწუთეულის 29:17 მოგება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ დამაჯერებელი – 12-ქულიანი ლიდერობა გაიფორმეს. თბილისელებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს, ერთ ეპიზოდში ქუთაისელთა კალათს ერთი შეტევისას 6-ჯერ შეუტიეს და ბურთი ექვსჯერვე მოხსნეს. საბოლოოდ ის შეტევა “მგზავრების” 2 ზუსტი საჯარიმოთი დასრულდა და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა 10-ქულიანი ლიდერობა შენარჩუნდა.

დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს და “მგზავრებმა” საამაყო გამარჯვება მოიპოვეს – 81:72. გამარჯვებულებს 19 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 17 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ. ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 18 ქულით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ 17 ქულა მიითვალა.

gbf.ge

0.118941