იაპონიის ნაკრების ფეხბურთელმა ტაკაში ინუიმ “ბეტისთან” შეთანხმებას მიაღწია და მომავალი სეზონიდან ანდალუსიურ კლუბში ითამაშებს – წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველს “ეიბარის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა და კონტრაქტი 2020 წლამდე უნდა გაეხანგრძლივებინა, თუმცა “ბეტისიდან” საინტერესო შემოთავაზება მიიღო და ორშაბათს სევილიელებს მოურიგდა.
ამრიგად, თუ Marca-ს ინფორმაცია ჭორი არაა, იაპონელი მოთამაშე “ბეტისს” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ინუი “ეიბარის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 87 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მან მიმდინარე სეზონში ბასკური კლუბის მაისური 28-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.