ფეხბურთი

3:42 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" შემდეგ ეტაპზეა, "ბაზელმა" კარი გაიჯახუნა (+VIDEO)

“მანჩესტერ სიტიმ” მეოთხედფინალის საგზური ჯერ კიდევ შვეიცარიაში გაიფორმა და ბუნებრივია, “ეტიჰად სთედიუმზე” გამართული მატჩი მხოლოდ ფორმალობა იყო. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ პეპ გვარდიოლამ წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა, ხოლო მოედანზე უმეტესად ისინი გაიყვანა, რომლებთაც ხშირად არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა.

“ბაზელს” კი სხვა რა დარჩენოდა? უნდა ეთამაშა და კარი გაეჯახუნებინა. გაიჯახუნა კიდეც – რაფაელ ვიკის გუნდმა მანჩესტერში მოიგო და პირი მოიწმინდა. არადა, “სიტიმ” ისევ სწრაფი გოლით დაიწყო და ბევრმა იფიქრა კიდეც, “ქალაქელები” ახლაც დიდი ანგარიშით მოიგებენო. მაგრამ არა – შვეიცარიის ჩემპიონმა მალევე გაათანაბრა ელიუნუსის გოლით, მეორე ტაიმში კი იმავე ელიუნუსის შესანიშნავი თამაშის შედეგად ლანგმა გაიტანა- 1:2.

საერთოდ, “ბაზელმა” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და ეს მოკრძალებული შვეიცარიული გუნდისთვის მართლაც საამაყო შედეგია. “მანჩესტერ სიტი” კი, რაღა თქმა უნდა, ისევ რჩება მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. სხვათა შორის, “ქალაქელები” მეოთხედფინალში ისტორიაში მეორედ გავიდნენ.

“მანჩესტერ სიტი” – “ბაზელი” 1:2 (1:1) – ორი მატჩის ჯამში: 5:2 VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 49 411

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ბრავო; დანილო, სტოუნსი, ლაპორტე, ზინჩენკო; გუნდოგანი (დიასი 66), ტურე, ფოდენი (ადარაბიო 89); ბერნარდო სილვა, გაბრიელ ჟესუსი, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; სუხი, ფრეი, ლაკრუა; ლანგი, სერეი დიე, ზუფი, რივეროსი; ბუა (სტოკერი 68), ობერლინი (ვან ვოლფსვინკელი 74), ელიუნუსი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

გოლები: 1:0 გაბრიელ ჟესუსი (8), 1:1 ელიუნუსი (17), 1:2 ლანგი (71)

გაფრთხილება: გაბრიელ ჟესუსი (77) – ლაკრუა (44)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

0.364004