ფეხბურთი

3:14 | 8.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ქალბატონმა" "მამლით" ივახშმა (+VIDEO)

არსებობენ გუნდები, რომლებიც არასდროს უნდა ჩამოწერო. მათგან ერთ-ერთი კი, ცალსახად ტურინის “იუვენტუსია”. “ბებერი ქალბატონის” მეოთხედფინალში გასვლის ბევრს ჯერ კიდევ ტურინული მატჩის შემდეგ არ სჯეროდა, ხოლო “უემბლიზე” გამართულმა პირველმა ტაიმმა, მოსაზრება ხომ საერთოდ გაამყარა.

და, რა მოხდა მეორე ტაიმში? – ორი გააზრებული შეტევა, ორი გოლი და მეოთხედფინალის საგზური. ვერავინ იტყვის, რომ “ტოტენჰემი” შემდეგი ეტაპის საგზურს არ იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთი უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და სწორედ ამ დეტალებმა გადაწყვიტეს შეხვედრის.

“იუვენტუსს” რამდენიმე მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ჰყვადა – უპირველესად მასიმილიანო ალეგრი და გონსალო იგუაინი. ერთმა დაგეგმა, მეორემ შეასრულა. თუმცა თავიდან მივყვეთ:

“ტოტენჰემმა” თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდანვე რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანა სტუმართა კართან. ვეტერანი და ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი მარჯვენა ფლანგზე თამაშს მაინც და მაინც, შეჩვეული არაა. ეს მაურისიო პოჩეტინომ კარგად გათვალა და ვერცხლის წყალივით სწრაფი ჰონგ სონი მიუჩინა. სამხრეთ კორეელმა კი, აიკლო იტალიელთა მარჯვენა ფლანგი და პირველივე ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო გატანა. საბოლოოდ, გოლი მაინც გავიდა. ბარძალიმ ცენტრალური მცველები დიდებულად დააზღვია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და სონმა ანგარიში გახსნა. “იუვენტუსი” ამ მომენტში მართლაც განწირული სჩანდა. თამაშის შემქნელიც მოედანზე არავინ ჩანდა. სხვათა შორის, არც სკამზე, რადგან “იუვეს” სამი შემტევი აკლდა ტრავმების გამო. თუმცა, ალეგრიმ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მეორე ტაიმის სტარტზე მცველებით ფლანგები გააძლიერა, ალექს სანდრო წინ ასწია და საყრდენი ბლეზ მატუიდი თამაშიდან მოხსნა. მოკლედ, ამან შედეგი მალევე გამოიღო.

ჯერ იყო და, სტეფან ლიხშტაინერი ჩაერთო აქტიურად შეტევაში და ფლანგურ გადაცემას სამი ხედირა გამოეხმაურა. მის თავურზე კი ჩასაფრებული გონსალო იგუაინი გახლდათ, რომელიც მცველებს უკნიდან გაიპარა და გაათანაბრა. ეს იყო “იუვენტუსის” პირველი დარტყმა კარის ჩარჩოში, 64-ე წუთზე. იტალიის ჩემპიონმა კარში მეორედ ზუსტად 2:49 წუთის შემდეგ დაარტყა და ისევ გოლი გაიტანა.

ამჯერადაც იგუაინი იყო გამორჩეული – “პიპიტამ” დროულად შენიშნა ჩინებულად გახსნილი პაულო დიბალა და “ლა ჯოიამ” ლორისს შანსი არ დაუტოვა ერთი-ერთზე. აქ უკვე ყველაფერი თავდაყირა დადგა. “იუვენტუსი”, რომელიც იქამდე უშანსოდ ჩანდა, მეოთხედფინალში გადიოდა. ბუნებრივია, “ტოტენჰემმა” შეუტია, მაგრამ ისე ვეღარ, როგორც იქამდე, სანამ გოლს გაუშვებდა. თუმცა, ერთი რეალური მომენტი იყო: ჰარი კეინის (რომელიც აშკარა თამაშგარეში იყო) თავური ძელს მოხვდა და ანდრეა ბარძალიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

ცალკე უნდა ვთქვათ, მთავარ მსაჯ, შიმონ მარჩინიაკზე – პოლონელს ბევრი ლაფსუსი ჰქონდა. კეინის თამაშგარეზე მოგახსენეთ და ორჯერ ჯორჯო კიელინის ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ ამას ყურადღება არავინ მიაქცია. დაიჩაგრა “იუვენტუსიც”: პირველ ტაიმში დუგლას კოშტა ვერტონგენმა საჯარიმოში მოცელა, მაგრამ სასტვენი აქაც დუმდა.

სამაგიეროდ, გაისმა საფინალო სასტვენი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ასე თუ ისე, “მამალი” მაინც დააგემოვნა და ახლა მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება. აღსანიშნავია, რომ “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ინგლისური გუნდის ბარიერი პირველად დაძლია (ოთხი გამოთიშვის შემდეგ). “ტოტენჰემმა” კი, დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.

საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა უფრო მაღალი კლასის გუნდმა. გუნდმა, რომელიც ასეთ თამაშებში მეტოქეზე ბევრად გამობრძენდილი იყო და ამან გადამწყვეტი როლიც ითამაშა. “ტოტენჰემს” ახლა შეუძლია მთლიანად პრემიერლიგაზე გადაერთოს, ხოლო “იუვენტუსი” აგრძელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას. და კიდევ, იტალიის ჩემპიონის კლასი ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ანგარიში წაიყვანა. “მამლებს” თამაშის გადასარჩენად 25 წუთი ჰქონდათ, მაგრამ გაუთავებელი ჩაწოდებების მეტს, ვერაფერს გამორჩნენ. და, რა თქმა უნდა, მასიმილიანო ალეგრი, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ტაქტიკური დუელი ამჯერად აშკარად მოუგო. და, ერთი საინერესო სტატისკური მონაცემი: "იუვენტუსი" შემდეგ ეტაპზე 9 შემთხვევიდან მეშვიდედ გავიდა, როდესაც პირველი მატჩში საკუთარ მოედანზე ფრედ ითამაშა.

“იუვენტუსი” მეოთხედფინალშია!

“ტოტენჰემი” – “იუვენტუსი” 1:2 (1:0) – ორი მატჩის ჯამში: 3:4 VIDEO

ლონდონი, “უემბლი”

მაყურებელი: 84 010

“ტოტენჰემი” (4-3-3): ლორისი; ტრიპიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; დემბელე, დაიერი (ლამელა 74), ერიკსენი; ალი (ლორენტე 86), კეინი, სონი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ბარძალი, ბენატია (ლიხშტაინერი 61), კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი (ასამოა 60); დიბალა, იგუაინი (სტურარო 83), დუგლას კოშტა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 სონი (39), 1:1 იგუაინი (64), 1:2 დიბალა (67)

გაფრთხილება: ვერტონგენი (28), ალი (56), დემბელე (88) – ალექს სანდრო (35), პიანიჩი (44), ბენატია (49), კიელინი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

0.575923