პრემიერლიგის 29-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “შელჰარსტ პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “კრისტალ პალასი” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.
“წითელმა ეშმაკებმა” ისეთ სტილში იმარჯვეს, როგორითაც ერთ დროს ძალიან ხშირად იგებდნენ. ვგულისხმობთ, სერ ალექს ფერგიუსონის დროინდელ “იუნაიტედს”, როდესაც საკმაოდ ხშირად ახერხებდნენ, ერთი შეხედვით უიმედო შეხვედრის შემობრუნებას და გამარჯვების მოპოვებას.
ზუსტად ასე მოხდა ამ მატჩში, 55-ე წუთამდე სტუმრები თაუნსენდის და ვან აანჰოლტის გოლებით უშანსოდ აგებდნენ, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” ძველი დრო გაიხსენეს და დარჩენილ წუთებში სამი გოლი გაიტანეს: ჯერ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კრის სმოლინგმა გაქვითა თავური დარტყმით ერთი ბურთი, შემდეგ 76-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ იყოჩაღა დამატებაზე და წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ პირველ დამატებულ წუთზე ნემანია მატიჩმა შორეული გასროლით ულამაზესი გოლი გაიტანა და “მანჩესტერ იუნაიტედს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა, რომლითაც მანჩესტერულმა კლუბმა მე-2 ადგილი დაიბრუნა.
ამ მატჩშიც დიდებული სეივი შემოგვთავაზა დავიდ დე ხეამ, რომელმაც 2:2-ზე კრისტიან ბენტეკეს ურთულესი ბურთი აუღო და საკუთარ გუნდს გამარჯვების შანსი დაუტოვა.
ჟოზე მოურინიოს გუნდს 62 ქულა აქვს და 2 ქულით უსწრებს “ლივერპულს”, რომელსაც შაბათს “ოლდ ტრაფორდზე” უმასპინძლებს.
კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 თაუნსენდი (11), 2:0 ვან აანჰოლტი (48), 2:1 სმოლინგი (55), 2:2 ლუკაკუ (76), 2:3 მატიჩი (91)