ფეხბურთი

23:14 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავიდე ასტორის გარდაცვალების შემდეგ ორი თანაგუნდელი საავადმყოფოში აღმოჩნდა

ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნის, დავიდე ასტორის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, 31 წლის იტალიელის ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელები.

იტალიური მედიის ცნობით, “კალიარის” მთავარი მწვრთნელი დიეგო ლოპესი, რომელიც სარდინიულ გუნდში ასტორის თანაგუნდელი იყო (2008-2010), ხოლო შემდეგ უკვე მწვრთნელი (2013-2014), აღნიშნული ინფორმაციის გაგების მერე შუეძლოდ გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იგივე გადახდა თავს ბარსელონას “ესპანიოლის” კოლუმბიელი ნახევარმცველი კარლოს სანჩესს, რომელიც ასტორისთან ერთად “ფიორენტინაში” 2016-2017 წლებში თამაშობდა. ესპანური მედიის ცნობით, სანჩესმა მეგობრის გარდაცვალების ამბავი “ლევანტესთან” მატჩის დაწყებამდე, გახურებისას შეიტყო და უმალვე უგონოდ მოედანზე დაეცა. სამხრეთამერიკელს შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, მაგრამ მომხდარის გამო ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა, მალევე გაწერეს.

“ის კარგადაა, მაგრამ ეს ინფორმაცია მისთვის გამანდგურებელი იყო”, - ამბობს “ესპანიოლის” ფეხბურთელი ვიქტორ სანჩესი. როგორც ცნობილი ხდება, კარლოს სანჩესი იტალიაში გადაფრინდება და “ფიორენტინას” ფეხბურთელებთან ერთად დავიდე ასტორის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დავიდე ასტორი დღეს დილით უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ტრაგედიის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

0.141388